№ას-1008-969-2014 29 დეკემბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ე. გ-ე (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ი. ა-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ს. გ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. გ-მ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ე. გ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ქონების თანამესაკუთრედ აღიარების მოთხოვნით.
ე. გ-მ შეგებებული სარჩელი წარადგინა 2012 წლის 10 თებერვლისა და 2012 წლის 6 ნოემბრის სანოტარო აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ს. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ე. გ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა ½ ნაწილში და ს. გ-ე ცნობილ იქნა 1984 წლის 11 აპრილს გარდაცვლილი დედის - მ. გ-ის დანაშთი ქონების ½-ის მესაკუთრედ. ე. გ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ე. გ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ივლისის განჩინებით ე. გ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან აპელანტი კანონით დადგენილ ვადაში საქალაქო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად არ გამოცხადდა, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს დაიწყო და 26 ივნისს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი კი, 27 ივნისსაა შეტანილი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სასმართლომ არასწორად დაიწყო ვადის ათვლა 30-ე დღიდან, ვინაიდან აპელანტმა დასაბუთებული გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს ჩაიბარა და ვადის ათვლა მომდევნო დღიდან უნდა დაწყებულიყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ე. გ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
საკასაციო სასამართლოსათვის გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ მხარემ დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში არ ჩაიბარა და გასაჩივრების ვადის ათვლა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღიდან უნდა დაიწყოს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის საფუძველზე, გასაჩივრების მსურველ მხარეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის ჩათვლით შეუძლია სასამართლოში გამოცხადდეს და გადაწყვეტილება ჩაიბაროს. ამ შემთხვევაში ვადის ათვლა არა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღიდან, არამედ ჩაბარებიდან დაიწყება.
მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2014 წლის 14 მაისს გამოცხადდა, ე. გ-სათვის ცნობილი იყო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, შესაბამისად, მხარე არა უადრეს 3 და არა უგვიანეს 13 ივნისისა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად უნდა გამოცხადებულიყო. ე. გ-ის წარმომადგენელმა დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ ვადაში - 13 ივნისს ჩაიბარა, ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60.2 მუხლის საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა 14 ივნისიდან დაიწყო და 27 ივნისს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი ამ ვადაშია შეტანილი და სააპელაციო სასამართლომ განუხილველად არასწორად დატოვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. გ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ივლისის განჩინება და საქმე ე. გ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
ლ. მურუსიძე