Facebook Twitter

№ას-1009-970-2014 1 დეკემბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - თ. ც-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „პ. ბ-ი“ (მოსარჩელე)

მოპასუხეები - ა. ც-ე, ნ. მ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „პ. ბ-მა“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში ა. ც-ის, თ. ც-ისა და ნ. მ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხეთათვის 12157,71 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით სს „პ. ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს დაეკისრათ 12157,71 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივნისის განჩინებით ნ. მ-ის, თ. და ა. ც-ების სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მოპასუხეები კანონით დადგენილ ვადაში არ გამოცხადებულან. გასაჩივრების ვადის ათვლა 2014 წლის 24 აპრილიდან დაიწყო და 7 მაისს ამოიწურა, სააპელაციო საჩივარი კი, 13 მაისსაა წარდგენილი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება თ. ც-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მხარის მითითებით, დასაბუთებული გადაწყვეტილება მაისში მიიღო მეორე მოპასუხისაგან. მასში მიღების თარიღად 2014 წლის 14 აპრილი იყო მითითებული, შესაბამისად, საჩივრის შეტანილი ბოლო ვადა 15 მაისი იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ თ. ც-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმები იმპერატიული ხასიათისაა და მათი მეშვეობით განსაზღვრული საპროცესო ვადების აღდგენა ან გაგრძელება არ დაიშვება, თუნდაც ვადის გაშვება საპატიო მიზეზით იყოს გამოწვეული.

მოცემულ შემთხვევაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2014 წლის 25 მარტს გამოცხადდა. კერძო საჩივრის ავტორისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, რასაც არც თავად უარყოფს, შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე არა უადრეს 14 და არა უგვიანეს 24 აპრილისა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად უნდა გამოცხადებულიყო. საქმის მასალები ადასტურებს, რომ ამ ვადაში გადაწყვეტილება მოპასუხეებს არ ჩაუბარებიათ, შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა 24 აპრილიდან დაიწყო და 7 მაისს ამოიწურა, სააპელაციო საჩივარი კი, 13 მაისსაა შეტანილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა.

საკასაციო სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს თ. ც-ის განმარტებას, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მან ნ. მ-საგან მაისში მიიღო. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ საქმეში ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, გარდა ამისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის შესაბამისად, თ. ც-ე ვალდებული იყო, ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში გამოცხადებულიყო დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად.

საკასაციო სასამართლო ვერც იმ მტკიცებას გაიზიარებს, რომ ვინაიდან დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში მისი მიღების თარიღად 14 აპრილი იყო მითითებული, თ. ც-ს სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა 15 მაისი ეგონა.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეებისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი - 2014 წლის 25 მარტი. ეს ფაქტი დასტურდება შესაბამისი ხელწერილით (ს.ფ.122), რომელზეც თ. ც-საც აქვს ხელი მოწერილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თ. ც-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ც-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე