Facebook Twitter

№ას-1014-974-2014 1 დეკემბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ს. ს-ი“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - რ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ჯ. ბ-ე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ზ. კ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჯ. ბ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ს. ს-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის 829 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ჯ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ს. ს-ის“ მოსარჩელის სასარგებლოდ 397 324 აშშ დოლარის, ასევე პირგასამტეხლოს, ერთჯერადად 4800 აშშ დოლარის და გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 800 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

ჯ. ბ-მ გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

შპს „ს. ს-მ“ შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივლისის განჩინებით ჯ. ბ-ისა და მისი წარმომადგენლის - ზ. კ-ის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდა, საქმის წარმოება შეწყდა, შპს „ს. ს-ის“ შეგებებული სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

აღნიშნული განჩინება შპს „ს. ს-იმ“ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარზე უარი ისე მიიღო, რომ მისი პოზიცია არ გამოუკვლევია. მოპასუხეს აქვს საქმის განხილვის ინტერესი. სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის თანხმობას უნდა ითხოვდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შპს „ს. ს-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

იმავე კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. იმავე კოდექსის 272.(გ) მუხლის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დამკვიდრებული დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, თითოეული მხარე თავად იღებს გადაწყვეტილებას საკუთარი საპროცესო უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებით. სარჩელზე ან სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა მოსარჩელის/აპელანტის საპროცესო უფლებაა, რომლის რეალიზებაც არ არის დამოკიდებული მოწინააღმდეგე მხარის თანხმობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით პირდაპირაა გათვალისწინებული ის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული შუამდგომლობის დაკმაყოფილებისათვის სავალდებულოა მოწინააღმდეგე მხარის თანხმობა (სარჩელის გამოხმობა, სასარჩელო მოთხოვნის გაზრდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე და ა.შ). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის მოქმედი რედაქციით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა მოწინააღმდეგე მხარის თანხმობას არ საჭიროებს. ამგვარი უარი თავისთავად წარმოადგენს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოების შეწყვეტა მისი პოზიციის გამოკვლევის გარეშე არ შეეძლო, უსაფუძვლოა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მას საქმის განხილვის ინტერესი აქვს და შეგებებული სააპელაციო საჩივარი ჰქონდა შეტანილი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს „ს. ს-ის“ სრული შესაძლებლობა ჰქონდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯ. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაესაჩივრებინა და ამ გზით დაეცვა საკუთარი ინტერესები, რაც მას არ განუხორციელებია. რაც შეეხება შეგებებულ სააპელაციო საჩივარს, იგი ძირითადი სააპელაციო საჩივრის წინააღმდეგაა მიმართული და ძირითადი სააპელაციო საჩივრის ბედს იზიარებს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის მე-2 წინადადების თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ინსტიტუტი იმ მოსაზრებას ამკვიდრებს, რომ მხარისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მისაღები იყო, მაგრამ რადგანაც მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა, ამ საჩივრის წინააღმდეგ და მისგან გამომდინარე, შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ახდენს საკუთარი უფლებების დაცვას. ძირითადი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ან მასზე უარის თქმის შემთხვევაში, შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის საფუძველი ისპობა, შესაბამისად, იგი ძირითადი სააპელაციო საჩივრის ბედს იზიარებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ს. ს-ის“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე, 42-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს. ს-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე