№ას-1077-1028-2014 1 დეკემბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ბ. ბ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ. ც-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ც-მ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ბ. ბ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხისათვის სესხის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით დ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბ. ბ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2800 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივლისის განჩინებით აპელანტს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა.
იმავე სასამართლოს 2014 წლის 29 აგვისტოს განჩინებით ბ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, განუხილველად დარჩა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ბ. ბ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მხარის მითითებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის საშუალება არ გააჩნდა, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებას უზღუდავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ბ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივლისის განჩინებით აპელანტს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა. განჩინება აპელანტს 2014 წლის 28 ივლისს ჩაბარდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შევსების ვადა 6 აგვისტოს ამოიწურა. ხარვეზი ამ ვადაში შევსებული არ ყოფილა.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მას სახელმწიფო ბაჟის გადახდის საშუალება არ გააჩნდა, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებას უზღუდავს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს შეღავათებს სასამართლო ხარჯებში, კერძოდ, კოდექსის 46-48 მუხლები ადგენს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, ოდენობის შემცირების ან გადავადების შესაძლებლობას. თუ მხარე კანონის საფუძველზე არ არის გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-48 მუხლების საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, ოდენობის შემცირების ან გადავადების თაობაზე, რაც მხარის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს. სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან კანონით გათვალისწინებული სხვაგვარი შეღავათის გაწევის საფუძველი არის მხოლოდ მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, შესაბამისი მტკიცებულებები კი, თავად მხარემ უნდა წარადგინოს.
მოცემულ შემთხვევაში, ბ. ბ-ის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა და არც შემდგომში ყოფილა სასამართლოში წარდგენილი, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია უსაფუძვლოა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. ბ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 აგვისტოს განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
ლ. მურუსიძე