№ას-1091-1040-2014 5 დეკემბერი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - გ. ძ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ. ბ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „თ. ბ-მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში გ. ძ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხისათვის 7358,31 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „თ. ბ-ის“ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება გ. ძ-მა კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 ივნისის განჩინებით გ. ძ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იმავე სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა, რაც გ. ძ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივლისის განჩინებით აპელანტს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 294,33 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა დაევალა.
აპელანტმა ხარვეზის შევსების ვადის 30 დღით გაგრძელება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივლისის განჩინებით გ. ძ-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა 10 დღით გაგრძელდა.
იმავე სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის განჩინებით გ. ძ-ის სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, განუხილველად დარჩა.
აღნიშნული განჩინება გ. ძ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, უმუშევარია და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა აქვს, რის გამოც სახელმწიფო ბაჟის გადახდა ვერ მოახერხა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკუთარი ინტერესების დაცვის საშუალებას უსპობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ გ. ძ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივლისის განჩინებით აპელანტს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 294,33 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა დაევალა.
აპელანტმა ხარვეზის შევსების ვადის 30 დღით გაგრძელება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივლისის განჩინებით გ. ძ-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა 10 დღით გაგრძელდა. განჩინება გ. ძ-ს 2014 წლის 7 აგვისტოს ჩაბარდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-61-ე მუხლების საფუძველზე, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა 8 აგვისტოდან დაიწყო და, დასვენების დღის გათვალისწინებით, 18 აგვისტოს ამოიწურა. ხარვეზი ამ ვადაში შევსებული არ ყოფილა.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ უმუშევარია და ბაჟის გადახდა მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გამო ვერ შეძლო, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-48 მუხლების საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, ოდენობის შემცირების ან გადავადების თაობაზე, რაც მხარის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს. სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან კანონით გათვალისწინებული სხვაგვარი შეღავათის გაწევის საფუძველი არის მხოლოდ მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა. მტკიცების ტვირთი აწევს მთლიანად იმ მხარეს, რომელიც აყენებს შუამდგომლობას.
მოცემულ შემთხვევაში, გ. ძ-ს მისი ფინანსური მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლოსათვის არ წარუდგენია, შესაბამისად, სასამართლო შეღავათის გაწევის საკითხზე ვერ იმსჯელებდა.
საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ აპელანტს საკმარისი ვადა მიეცა იმისათვის, რომ სახელმწიფო ბაჟი გადაეხადა ან სასამართლოსათვის საკუთარი ფინანსური მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები წარედგინა, რაც მას არ შეუსრულებია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გ. ძ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ძ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 სექტემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
ლ. მურუსიძე