№ას-1093-1042-2014 8 დეკემბერი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ბმა „ბ. ც-ის“ თავმჯდომარე ნ. ჯ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ბ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – კრების ოქმების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ბ-მა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბმა „ბ. ც-ისა“ და ამხანაგობის თავმჯდომარე ნ. ჯ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა 2009 წლის 21 ოქტომბრის საერთო კრების N16 და 2009 წლის 17 მარტის N20 კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 21 ოქტომბრის საერთო კრების N16 ოქმი და 2009 წლის 17 მარტის N20 კრების ოქმის 2-3 პუნქტები.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბმა „ბ. ც-ის“ თავმჯდომარე ნ. ჯ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 აგვისტოს განჩინებით აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის, სადავო ქონების შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტის და სახელმწიფო ბაჟის სახით ამ ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
განჩინების პასუხად აპელანტმა 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 აგვისტოს განჩინებით ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით გაგრძელდა.
განჩინების პასუხად აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 სექტემბრის განჩინებით ბმა „ბ. ც-ის“ თავმჯდომარე ნ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ დავა უფლებრივი ხასიათისაა და გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარს შეადგენს და მიუთითა, რომ დავა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას შეეხება. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა სასამართლოსადმი მიმართვის უფლებს არ უნდა ზღუდავდეს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ბმა „ბ. ც-ის“ თავმჯდომარე ნ. ჯ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა, შესაბამისად, დავა არ არის ქონებრივი და სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 150 ლარით უნდა განისაზღვროს. ასევე არასწორია სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა მითითებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი უსწორობის შესახებ. მხარეს სასამართლო სხდომაზე შეუძლია ისაუბროს სამართლებრივ უსწორობაზე, რაც შეეხება ფაქტობრივ უსწორობას, სასამართლოს მაინც უნდა მიეღო სააპელაციო საჩივარი, მაგრამ მხარეს შემდგომში ფაქტობრივ უსწორობაზე მითითების უფლება მოესპობოდა. გარდა ამისა, ამ საქმეში მესამე პირებად ჩართული უნდა ყოფილიყვნენ ამხანაგობის ის წევრები, ვის ინტერესებსაც სადავო გადაწყვეტილება შეეხება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება გაუუქმდათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ბმა „ბ. ც-ის“ თავმჯდომარე ნ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ განსახილველი დავა არაქონებრივია, ამიტომ, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 150 ლარით უნდა განისაზღვროს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
იმავე კოდექსის 39.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა, ხოლო არაქონებრივ დავაზე –150 ლარს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქონებრივსამართლებრივი დავის დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე ან უფლებებზე. საპროცესო მოთხოვნა ქონებრივსამართლებრივად განიხილება იმ შემთხვევაშიც, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი (აღირებითი, მიკუთვნებითი, თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისკენ მიმართული).
რაც შეეხება არაქონებრივ დავას, მოთხოვნა არაქონებრივია, თუ იგი მატერიალური ღირებულების არმქონე ობიექტებისაკენაა მიმართული. არაქონებრივია ყველა დავა, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ მხარის პირად ან მის სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ უფლებებს, ყოველგვარი ეკონომიკური სარჩულის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ ქონებრივი დავა დაფარულია არაქონებრივი მოთხოვნით, მხარეს სახელმწიფო ბაჟი ქონებრივი დავისათვის დადგენილი ოდენობით უნდა დაეკისროს.
მოცემულ შემთხვევაში, სადავოა ამხანაგობის წევრთა საერთო კრების ოქმების ბათილად ცნობის საკითხი. ამ ოქმების საფუძველზე კი, ამხანაგობის კუთვნილი სხვენი და სხვა არასაცხოვრებელი ფართი განაწილდა, შესაბამისად, დავა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას შეეხება და სახელმწიფო ბაჟი სადავო ქონების ღირებულებიდან უნდა ყოფილიყო გამოთვლილი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ აპელანტს სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდა მართებულად დაავალა.
კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე „ფკ „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ“ და „აპოსტოლი სასამართლოს წინააღმდეგ“ განმარტა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა არ შეიძლება საქმია განხილვაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება, როგორც ასეთი, არ წარმოადგენს შეზღუდვას, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას, თუმცა მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, კონკრეტული საქმის გარემოებების, მათ შორის მხარის გადახდისუნარიანობისა და საქმის წარმოების ეტაპის გათვალისწინებით (FC MRETEBI v. GEORGIA, PODBIELSKI AND PPU POLPURE v. POLAND). სასამართლო ხარჯების ინსტიტუტი, ზოგადად, მართლმსაჯულების ადმინისტრირების მიზანს ემსახურება (KREUZ v. POLAND).
რაც შეეხება მხარის გადახდისუნარიანობის გათვალისწინებას სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს შეღავათებს სასამართლო ხარჯებში, კერძოდ, კოდექსის 46-48 მუხლები ადგენს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, ოდენობის შემცირების ან გადავადების შესაძლებლობას. თუ მხარე კანონის საფუძველზე არ არის გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-48 მუხლების საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, ოდენობის შემცირების ან გადავადების თაობაზე, რაც მხარის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს. სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან კანონით გათვალისწინებული სხვაგვარი შეღავათის გაწევის საფუძველი არის მხოლოდ მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, შესაბამისი მტკიცებულებები კი, თავად მხარემ უნდა წარადგინოს.
განსახილველ შემთხვევაში ბმა „ბ. ც-ის“ თავმჯდომარე ნ. ჯ-მა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა, თუმცა სასამართლოსათვის არ წარუდგენია იმის დამდასტურებელი მტკიცებულება, რომ ამხანაგობას ან ამხანაგობის წევრებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის საშუალება არ გააჩნდათ. მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას კი, სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებდა. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ხარვეზის განჩინებით აპელანტს სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის დამდასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებაც დაკისრა, რაც მას არ შეუსრულებია, ამდენად, საკასაციო სასამართლოს იმის შეფასების საშუალება არ აქვს, რა ოდენობის სახელმწიფო ბაჟი უნდა გადაეხადა აპელანტს და იყო თუ არა იგი, რეალურად, მძიმე ტვირთი მხარისათვის.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრებით კერძო საჩივრის ავტორის სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება არ დარღვეულა.
ხარვეზის განჩინებით აპელანტს დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენაც დაევალა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობის მითითების ვალდებულება მხარეს არ გააჩნია, ხოლო ფაქტობრივი უსწორობის მიუთითებლობისას, სააპელაციო სასამართლომ მაინც უნდა მიიღოს საჩივარი, მაგრამ მხარეს ერთმევა შესაძლებლობა, შემდგომში, ფაქტობრივ უსწორობაზე იდავოს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.1(ე-ვ) მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი, ასევე, მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს, შესაბამისად, აპელანტი ვალდებულია, სააპელაციო საჩივარში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები მიუთითოს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761-ე მუხლის თანახმად, დასაშვებია, რომ სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ სამართლებრივ უსწორობებს შეეხებოდეს და მხარე გადაწყვეტილების მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას მოითხოვდეს, მაგრამ შესაბამისი დასაბუთება სააპელაციო საჩივარში ასახული უნდა იყოს, მით უმეტეს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს ხარვეზი არც ამ ნაწილში გამოუსწორებია, მიუხედავად იმისა, რომ დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა ფინანსურ სირთულესთან დაკავშირებული არ იყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ ამ საქმეში მესამე პირებად ჩართული უნდა ყოფილიყვნენ ამხანაგობის ის წევრები, ვის ინტერესებსაც სადავო გადაწყვეტილება შეეხება, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბმა „ბ. ც-ის“ თავმჯდომარე ნ. ჯ-ის კერძო საჩივრის განხილვისას, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება, შესაბამისად, ამ გარემოებებზე საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს, ამასთან აღსანიშნავია, რომ თუ საქმის განხილვაში ჩაბმული არ იყო პირი, რომლის ინტერესებსაც მიღებული გადაწყვეტილება შეეხება, მას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის საფუძველზე შეუძლია საკუთარი უფლებების დაცვა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბმა „ბ. ც-ის“ თავმჯდომარე ნ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 სექტემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
ლ. მურუსიძე