№ას-1094-1043-2014 8 დეკემბერი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ტ. ი-ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს. კ-ა“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გადაწყვეტილების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ტ. ი-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს. კ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, ფულადი კომპენსაციის - ყოველთვიურად 928.4 ლარის გადახდის დაკისრება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ტ ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს ,,ს. კ-ას’’, მის სასარგებლოდ, დაეკისრა ფულადი კომპანსაციის, ყოველთვიურად 928.4 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ს. კ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,ს. კ-ის” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ტ. ი-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს ,,ს. კ-ას” ტ. ი-ის სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი კომპენსაციის, ყოველთვიურად 400 ლარის გადახდა. შპს ,,ს. კ-ას” ტ. ი-ის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის ხარჯის - 500 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ნოემბრის განჩინებით ტ. ი-ის საკასაციო საჩივარი და შპს „ს. კ-ის“ შეგებებული საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
2014 წლის 31 ივლისს შპს „ს. კ-ამ“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის განმარტების მოთხოვნით. მისი მითითებით, სარეზოლუციო ნაწილში არ არის აღნიშნული, რა პერიოდამდე ეკისრება კომპანიას თანხის გადახდა. განმცხადებლის მტკიცებით, ხელშეშლა შეწყვეტილი იყო და წ. კ-ამ მილები ტ. ი-ის ნაკვეთიდან გაიტანა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 სექტემბრის განჩინებით შპს „ს. კ-ის“ განცხადება დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი განიმარტა შემდეგნაირად: „დაეკისროს შპს „ს. კ-ას“ ტ. ი-ის სასარგებლოდ ფულადი კომპენსაციის სახით ყოველთვიურად 400 ლარის გადახდა ამ საქმეზე სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2012 წლის 18 სექტემბრიდან შპს „ს. კ-ის“ მიერ ტ. ი-ის საკუთრების უფლების ხელშეშლის პერიოდში.“
აღნიშნული განჩინება ტ. ი-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, გადაწყვეტილების განმარტების აუცილებლობა არ არსებობდა, ვინაიდან ისედაც ცხადია, რომ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ხელშეშლის არსებობის პერიოდზე ვრცელდება, გარდა ამისა, ხელშეშლა არ დასრულებულა. მართალია, წ. კ-ამ მილსადენი ძველი ადგილიდან გადაიტანა, მაგრამ ტ. ი-ის მიწის ნაკვეთთან დასაშვებზე ახლოსაა განთავსებული და ის მაინც ვერ ახერხებს დამტკიცებული პროექტისა და ნებართვის შესაბამისად მშენებლობის განხორციელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ტ. ი-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში სადავოა გადაწყვეტილების განმარტების მართლზომიერების საკითხი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე გადაწყვეტილების განმარტების საფუძველია სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, ხოლო განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა. ამ ნორმის მიზნებისათვის, აღსრულების ხელშეწყობა გულისხმობს არა მხოლოდ აღსრულების პროცედურების განხორციელების დაწყებას, არამედ აღსრულების დასრულებასაც.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების განმარტების საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან ისედაც ცხადი იყო, რომ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ხელშეშლის არსებობის პერიოდზე ვრცელდება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასახული მსჯელობიდან ირკვევა, რომ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ხელშეშლის ფაქტთანაა დაკავშირებული, მაგრამ გადაწყვეტილების შესასრულებლად სავალდებულო ნაწილი არის სარეზოლუციო ნაწილი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ (სსკ-ის 249-ე მუხლის მეხუთე ნაწილი). ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართლებრივი წესრიგის დადგენა შესაძლებელია რა მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულებით, აღსასრულებლად მიექცევა მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი და არა სამოტივაციო ნაწილი, თუნდაც ეს უკანასკნელი ადგენდეს რაიმე უფლების ან ვალდებულების არსებობას („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი). ამ გარემოების გათვალისწინებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს ზუსტ ფორმულირებულ დებულებებს, შეძლებისდაგვარად დაზუსტებულ მოთხოვნებს, რაც აღსრულების პროცესში უნდა განხორციელდეს (იხ, ასევე, სუსგ №ას-1255-1198-2013).
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი გარკვეულწილად უზუსტო იყო, ვინაიდან არ განსაზღვრავდა, კომპენსაციის გადახდის ვალდებულება რა პერიოდს მოიცავდა. რჩებოდა იმგვარი შთაბეჭდილება, რომ წ. კ-ას მუდმივად უნდა ეხადა კომპენსაცია, მაშინ, როდესაც თავად სამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან და ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიდან ირკვეოდა, რომ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის ფაქტთან იყო დაკავშირებული და გრძელდებოდა ხელშეშლის პერიოდისათვის. ხელშეშლის აღკვეთა კი, კომპენსაციის გადახდის საჭიროებას გამორიცხავს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სარეზოლუციო ნაწილის ეს დებულება განმარტებას საჭიროებდა.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ხელშეშლა არ დასრულებულა. მართალია, წ. კ-ამ მილსადენი ძველი ადგილიდან გადაიტანა, მაგრამ ტ. ი-ის მიწის ნაკვეთთან დასაშვებზე ახლოსაა განთავსებული და ის მაინც ვერ ახერხებს დამტკიცებული პროექტისა და ნებართვის შესაბამისად მშენებლობის განხორციელებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების განმარტება არ ნიშნავს კომპენსაციის გადახდის შეწყვეტას განმარტების მომენტიდან. სააპელაციო სასამართლომ განსაზღვრა ის სამართლებრივი მოცემულობა, რომლის დადგომის შემთხვევაში, „გ. წ. კ-ას“ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება აღარ დაეკისრება: ამ უკანასკნელის მხრიდან ტ. ი-ის საკუთრების გამოყენების და ტ.ი -ის მიერ კუთვნილი უძრავი ქონებით სარგებლობაში ხელშეშლის შეწყვეტა, რაც იმავდროულად ნიშნავს ტ. ი-სათვის კუთვნილი ნაკვეთით, თავისი შეხედულებისამებრ, თავისუფლად სარგებლობის შესაძლებლობის მინიჭებას. ის ფატი, რომ ხელშეშლა დასრულებულია, ცალკე შეფასების საგანია გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში. ხელშეშლის აღკვეთა ამ შემთხვევაში მოპასუხის დასადასტურებელია, ამასთან აღსანიშნავია, რომ თავად ტ. ი-ის მიერ წარმოდგენილი კერძო საჩივრით ირკვევა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მდგომარეობის გარკვეული ცვლილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ტ. ი-ის კერძო საჩივარში მითითებული გარემოებები გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივ საფუძველს არ ქმნის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ტ. ი-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 სექტემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
ლ. მურუსიძე