№ას-1100-1049-2014 12 დეკემბერი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ბ. ნ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - პ. კ-ი (მოსარჩელე)
მოპასუხე - შპს „თ. ლ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პ. კ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბ. ნ-ისა და შპს „თ. ლ-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა ზიანის - 910 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით პ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „თ. ლ-სა“ და ბ. ნ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ 910 ლარის გადახდა დაეკისრათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბ. ნ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ბ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს არ აღემატებოდა.
აღნიშნული განჩინება ბ. ნ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განუხილველად ისე დატოვა, რომ არც განიხილა. ამ განჩინებით მისი უფლებები დაირღვა და საკუთარი ინტერესების დაცვას ვეღარ ახერხებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ბ. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის, რომ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმპერატიულია და კრძალავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, თუ მისი ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფაქტობრივი-სამართლებრივი თვალსაზრისით განსახილველი დავა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. ნ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს, ხოლო მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 2000 ლარს.
წინამდებარე დავა მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია, შესაბამისად, ბ. ნ-ს კერძო საჩივარზე 39-ე მუხლით განსაზღვრული ოდენობის ნახევარი უნდა გადაეხადა, მოცემულ შემთხვევაში კი, სახელმწიფო ბაჟი სრულადაა გადახდილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლი ითვალისწინებს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებას, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. ნ-ს ზედმეტად გადახდილი 25 ლარი უნდა დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინება;
3. ბ. ნ-ს დაუბრუნდეს 01.11,2014 წლის N1 საგადახდო დავალებით ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 25 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
ლ. მურუსიძე