Facebook Twitter

№ას-1104-1053-2014 12 დეკემბერი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ო. ი-ე (მოპასუხე)

წარმომადგენელი - პ. ლ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - მ. კ-ე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - დ. ს-ე

მოპასუხე - მ. ი-ი, თ. ნ-ე, ესა „ყ-ი 2005“,

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. კ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში მ. ი-ის, თ. ნ-ის, ო. ი-ის ესა „ყ-ი 2005“-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხეთათვის 55000 აშშ დოლარისა და 37490 ლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ო. ი-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 მაისის განჩინებით აპელანტს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის ან მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა დაევალა.

აპელანტმა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ივნისის განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა 10 დღით გაგრძელდა.

განჩინების პასუხად აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივლისის განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა 20 დღით გაგრძელდა.

2014 წლის 17 აგვისტოს განცხადებით აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 სექტემბრის განჩინებით ო. ი-ის სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, განუხილველად დარჩა.

აღნიშნული განჩინება ო. ი-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, საქმეში წარმოდგენილია ო. ი-ის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა. დღეის მდგომარეობით, ო. ი-ე მოვალეთა რეესტრში ორჯერაა რეგისტრირებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ო. ი-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 მაისის განჩინებით აპელანტს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის ან მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა დაევალა.

აპელანტმა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ივნისის განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა 10 დღით გაგრძელდა.

განჩინების პასუხად აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივლისის განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა 20 დღით გაგრძელდა.

2014 წლის 17 აგვისტოს განცხადებით აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება კვლავ მოითხოვა, ამასთან, ახალი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-48 მუხლების საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, ოდენობის შემცირების ან გადავადების თაობაზე, რაც მხარის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს. სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან კანონით გათვალისწინებული სხვაგვარი შეღავათის გაწევის საფუძველი არის მხოლოდ მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა. მტკიცების ტვირთი აწევს მთლიანად იმ მხარეს, რომელიც აყენებს შუამდგომლობას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ო. ი-ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ამონაწერი სს „თ-ი“ ბანკიდან და სს „პ. ბ-დან“, ასევე კერძო საჩივარზე დართული მოვალეთა რეესტრის ამონაწერი) არ იძლევა მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ სრულ სურათს და უტყუარად არ ადასტურებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას.

საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ აპელანტს საკმარისი ვადა მიეცა იმისათვის, რომ სახელმწიფო ბაჟი გადაეხადა ან სასამართლოსათვის საკუთარი ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დამატებითი მტკიცებულებები წარედგინა, რაც მას არ შეუსრულებია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ო. ი-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. ი-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 სექტემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე