№ას-1108-1057-2014 15 დეკემბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ე. მ-ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ქ. ტ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - თ. ბ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, დავალიანების განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. მ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში თ. ბ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმებისა და დავალიანების განსაზღვრის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ე. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა 2014 წლის 10 იანვრის სააღსრულებო ფურცელი და საღსრულებო ფურცლის N7 პუნქტით დადგენილი აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შემდეგნაირად განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა 7000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1800 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126,72 ლარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ე. მ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა 2014 წლის 26 ივნისიდან დაიწყო და 9 ივლისს ამოიწურა, სააპელაციო საჩივარი კი, 16 ივლისსაა წარდგენილი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მხარის მითითებით, სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილება არ მოამზადა კანონით დადგენილ 14-დღიან ვადაში. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად არაერთხელ მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს, მაგრამ გადაწყვეტილება მხოლოდ 2 ივლისს მომზადდა. მხარე ყოველდღე უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს, მაგრამ გადაწყვეტილება მომზადებული არ იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ე. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (იხ, ასევე, სუსგ №ას-184-173-2014, ას-372-350-2014, ას-695-665-2014 და ა.შ).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემომითითებული მუხლი, ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად.
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ე. მ-მა მისი გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა სასამართლოს მიმართა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით. მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას, რომ რამდენჯერმე მიმართა სასამართლოს, მაგრამ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო, სასამართლო ვერ გაიზიარებს.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2014 წლის 27 მაისს გამოცხადდა. კერძო საჩივრის ავტორისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, რასაც არც თავად უარყოფს, შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე არა უადრეს 16 და არა უგვიანეს 26 ივნისისა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად უნდა გამოცხადებულიყო. ვინაიდან მხარე ამ ვადაში არ გამოცხადდა, გასაჩივრების ვადის ათვლა 26 ივნისიდან დაიწყო და 9 ივლისს ამოიწურა, სააპელაციო საჩივარი კი, 16 ივლისსაა შეტანილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ე. მ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
ლ. მურუსიძე