ბს-742-329(2კ-05) 29 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბ. კობერიძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: საპენსიო დანამატი.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 31 მაისს, მოსარჩელე მ. ს-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სოცილური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ საპენსიო დანამატების დანიშვნის მოთხოვნით. მოსარჩელე განმარტავდა, რომ იგი არის 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე, პირველი ჯგუფის ინვალიდი, 39 წელი არმიასა და შს ორგანოებში იმსახურა და პენსიაზე .... წოდებით, წელთა ნამსახურეობის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, გავიდა. “სამხედრო და შინაგან ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის შესაბამისად, 1997 წელს პენსია გადაუანგარიშეს, მაგრამ არამართლზომერად უთხრეს უარი საპენსიო დანამატების დანიშვნაზე იმაზე მითითებით, რომ ასაკის გამო პენსიის მინიმუმი კანონით არ იყო დადგენილი, რითაც შეულახეს პენსიის დანამატის მიღებაზე მინიჭებული უფლება.
მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავდა და მოითხოვდა შემდეგს:
1. “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-15 მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად, საპენსიო დანამატის დანიშვნას 9.32 ლარის ოდენობით 1998წ. 17 ნოემბრიდან ყოველთვიურად, იმ მოტივით, რომ დაბადებული იყო .... წელს, არის საერთო დაავადებით პირველი ჯგუფის ინვალიდი, 1998წ. 17 ნოემბერს შეუსრულდა 75 წელი;
2. იმავე კანონის 41-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, როგორც მეორე მსოფლიო ომის მონაწილისათვის, საპენსიო დანამატის 14 ლარის ოდენობით ყოველთვიურად დანიშვნას;
3. იმავე კანონის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ აქვს არმიასა და შს ორგანოებში ნამსახურობის 39წ. სტაჟი, საპენსიო დანამატის დანიშვნას 7 ლარის ოდენობით ყოველთვიურად;
4. მითითებული კანონის 52-ე მუხლის მეორე ნაწილის ანალოგიითა და სკ-ის 1005-ე მუხლზე მითითებით მოპასუხის ბრალითა და არამართლზომიერი მოქმედებით გაუცემელი საპენსიო დანამატის ერთდროულ ანაზღაურებას.
სულ მოითხოვა გაუცემელი პენსიის ერთდროული ანაზღაურება 2156,98 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, მოსარჩელე სსსკ-ის 53.1 მუხლის შესაბამისად, მოპასუხისათვის სსსკ-ის 37.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს გარეშე გაწეული შემდეგი ხარჯების ანაზღაურების დანიშვნას მოითხოვდა: მტკიცებულებათა მოძიებისათვის _ 100 ლარს, სატრანსპორტო ხარჯებისათვის _ 150 ლარს, იურიდიული კონსულტაციისა და ადვოკატის მომსახურებისთვის _ 120 ლარს, სულ სასამართლოს გარეშე ხარჯები _ 370 ლარის ოდენობით.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მ. ს-ას 2001წ. 1 მაისიდან დაენიშნა საპენსიო დანამატი 30,33 ლარის ოდენობით, ასევე, მოპასუხე სახელმწიფო სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაეკისრა ადვოკატთა მომსახურების ხარჯები 120 ლარის ოდენობით, ხოლო ტრანსპორტისა და მტკიცებულებათა მოპოვების ნაწილში უარი ეთქვა.
აღნიშნული საქმე რაიონულმა და საოლქო სასამართლოებმა არაერთგზის განიხილეს.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 2004წ. 29 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ს-ას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მოსარჩელის სასარგებლოდ საპენსიო დანამატის დანიშვნა ყოველთვიურად 30,33 ლარის ოდენობით დაეკისრა. ასევე, ერთიწ. მიუღებული საპენსიო დანამატის სხვაობა, ხოლო დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
აპელანტმა მ. ს-ამ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იმ მოტივით გაასაჩივრა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა “პოლიციის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის პრეამბულა, რომლითაც უზრუნველყოფილია პოლიციის თანამშრომელთა სოციალური დაცვა, ასევე, არასწორად განმარტა კანონის მე-14 მუხლის “ა” პუნქტისა და 52.2 მუხლით დადგენილი ნორმები. არასწორად განმარტა.
აპელანტის განმარტებით, სასამართლო ვერ გაერკვა, მას პენსია ინვალიდობით ჰქონდა დანიშნული თუ წელთა ნამსახურობით.
სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა ნაწილობრივ დაუჭირა მხარი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005წ. 15 აპრილის გადაწყვეტილებით ს. ს-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ს-ა დაბადებულია 1923 წელს, 1998 წელს 75 წელი შეუსრულდა, ამასთან, არის I ჯგუფის ინვალიდი, ასევე, “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დანთხოვილ პირთა და მათი ოჯახის წვრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის პირველი მუხლის “ა”-”ზ” ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურე პირთა კატეგორიას განეკუთვნება, რის გამოც მისი მოთხოვნა კანონის მე-15 მუხლის “ა”ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატის დანიშვნის შესახებ საფუძვლიანად მიიჩნია. აღნიშნული დანამატი შეადგენს 9, 33 ლარს.
სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ მ. ს-ა შინაგან საქმეთა ორგანოებში მსახურობდა 39 წელი და ასაკის გამო დათხოვილ იქნა შს ორგანოებიდან, რის გამოც მას მითითებული მუხლით უნდა გაეზარდოს დანიშნული პენსიის ოდენობა 7 ლარით. ამდენად, მ. ს-ას დაენიშნა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ”კანონის მე-14 მუხლის “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით დადგენილი შეღავათები, რომელთა ოდენობა ჯამში 72,33 ლარს შეადგენს.
სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა აპელანტის მოთხოვნას საპენსიო დანამატების 1997წ. იანვრიდან, კანონის ამოქმედების დღიდან დანიშვნის შესახებ და განმარტა, რომ მ. ს-ასათვის საპენსიო დანამატის დანიშვნა უნდა მოხდეს 2002წ. 31 მაისიდან, ვინაიდან მითითებული კანონის 49.1 მუხლის შესაბამისად, პენსიის დასანიშნად მიმართვის დღედ ითვლება საპენსიო ორგანოებში განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების შეტანის დღე, ხოლო საპენსიო საქმის დათვალიერების შედეგად დადგენილია, რომ მ. ს-ას წერილობითი ფორმით არ მიუმართავს, მან სასამართლოს სარჩელით 2002წ. 31 მაისს მიმართა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ს-ას საპენსიო დანამატები უნდა დაენიშნოს 2002წ. ივნისიდან. ამასთან, უნდა აუნაზღაურდეს სხვაობა ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის წარსული დროისათვის, რაც შეადგენს 867,96 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა მ. ს-ას მოთხოვნა ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 15 აპრილის გადაწყვეტილებით სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა მ. ს-ასთვის 2002წ. ივნისიდან ყოველთვიურად პენსიაზე დანამატის _ 72,33 ლარის ოდენობით დანიშვნა, ასევე, აუნაზღაუროს სხვაობა ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის 12 თვის 867,96 ლარის ოდენობით.
მ. ს-ას მოთხოვნა ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების და “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის “ე” პუნქტით გათვალისწინებული საპენსიო დანამატის დანიშვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა საკასაციო წესით გაასაჩივრა და მიუთითა შემდეგზე: მ. სიგუას მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული მე-14 მუხლის I პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, რადგან იგი არ მიეკუთვნება პენსიონერთა იმ კატეგორიას, რომლებიც პენსიას ღებულობენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაინვალიდების შედეგად.
კასატორმა ასევე განმარტა, რომ “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ” კანონის მე-15 მუხლის “ა” პუნქტში მითითებულია, რომ პენსიონერთათვის პენსიის მომატება და ინდექსაცია ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო მოქმედი კანონმდებლობა ამ სახის დანამატის დანიშვნას ითვალისწინებს მხოლოდ სამხედრო ტრავმის შედეგად დაინვალიდებულ პირებზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით მ. სიგუამაც გაასაჩივრა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ უთხრა უარი მას, დიდ სამამულო ომში გამარჯვებისათვის მედლით დაჯილდოვებულ ომის ვეტერანს, საპენსიო კანონის 41-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, 7 ლარის პენსიის დანამატის დანიშვნაზე.
კასატორმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ნორმის დარღვევით.
კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა და მ. ს-ას საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 15 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და საპროცესო ნორმების დაცვით გამოიკვლია და შეაფასა მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მ. ს-ა არის 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე, 75 წელს გადაცილებული ომის დროს დაინვალიდებული პირველი ჯგუფის ინვალიდი, რომელსაც პენსია დანიშნული აქვს წელთა ნამსახურობით საპენსიო ასაკის მიღწევის გამო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა, საკასაციო სასამართლოსათვის, რადგან არ არის წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კასატორისათვის “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-14 მუხლის “ა” ქვეპუნქტით, ამავე კანონის მე-15 მუხლის “ა” ქვეპუნქტით, 41-ე მუხლის “დ” და “ზ” ქვეპუნქტებით დადგენილი დანამატების გავრცელების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-15 მუხლის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, პენსიონრებს, რომლებიც არიან პირველი ჯგუფის ინვალიდები ან მიაღწიეს 75 წელს, წელთა ნამსახურობის პენსიაზე დაერიცხებათ დანამატი, პენსიონერის მოვლა-პატრონობისათვის საქართველოში დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის 2/3. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა კასატორის მოთხოვნა მითითებული ნორმის მასზე გავრცელების თაობაზე, რადგან იგი ამ ნორმით განსაზღვრული შეღავათით სარგებლობისათვის დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, კერძოდ, არის 75 წელს გადაცილებული პირველი ჯგუფის ინვალიდი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მოსაზრებას, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება მხოლოდ წელთა ნამსახურობის პენსიის მიმღებ იმ ინვალიდ პენსიონრებზე, რომლებიც დაინვალიდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შედეგად, ანუ სამხედრო ტრავმით, რადგან მუხლში გარკვევით არის მითითებული, რომ წელთა ნამსახურობის პენსიის მომატება ხდება იმ ინვალიდებისათვის, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჭრილობის, კონტუზიის ან დაავადების შედეგად მიიღეს ტრავმა, რის გამოც დაინვალიდნენ.
რაც შეეხება აღნიშნული კანონის 41-ე მუხლის “დ” და “ზ” ქვეპუნქტებს, ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. ს-აზე, როგორც მოქმედი არმიის შემადგენლობაში ნამსახურებ და შს ორგანოებიდან ასაკის გამო დათხოვნილ პირზე, რომელმაც შინაგან საქმეთა ორგანოებში 39 წელი იმსახურა, ზემოთ მითითებული ნორმით გათვალისწინებული შეღავათები უნდა გავრცელდეს, რაც სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად დააკმაყოფილა, რადგან აღნიშნული მუხლები ითვალისწინებს პენსიის მომატებას მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და სხვა საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამშობლოს ინტერესების დამცველი პირებისათვის სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვიდან და აგრეთვე, საქართველოს სამხედრო ძალების რიგებიდან, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებიდან, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან ასაკის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საპენსიოდ დათხოვნილ პირებს, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და საზღვარგარეთის ქვეყნების შეიარაღებული ძალებიდან აღნიშნული მიზეზებით დათხოვნილ პირებს, რომლებმაც სამხედრო ძალებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში იმსახურეს 20 და მეტი კალენდარული წელი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით საფუძვლიანად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. ს-ასათვის “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-14 მუხლის “ა” ქვეპუნქტით, მე-15 მუხლის “ა” ქვეპუნქტით, 41-ე მუხლის “დ” და “ზ” ქვეპუნქტებით დადგენილი შეღავათების გავრცელების თაობაზე, რადგან როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მ. ს-ა ამ შეღავათებით სარგებლობისათვის დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორ მ. ს-ას მოსაზრებას და მის ყურადღებას მიაქცევს “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 49-ე მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტავს, რომ პენსიის დასანიშნად მიმართვის დღედ ითვლება საპენსიო ორგანოში განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების შეტანის დღე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის მითითებული კანონის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპენსიო დანამატების დანიშვნის მოთხოვნით, წერილობითი ფორმით არ მიუმართვს. მან სასამართლოს სარჩელით მიმართა 2002წ. 1 მაისს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მოცემულ შემთხვევაში საპენსიო დანამატის 2002წ. ივნისიდან დანიშვნის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ამავე კანონის 50-ე მუხლზე დაყრდნობით მ. ს-ას სწორად აუნაზღაურდა 12 თვის პენსია, რომელიც წინ უძღოდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის დღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი და შესაბამისად, იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა და მ. ს-ას წარმომადგენლის _ ბ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 15 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.