Facebook Twitter

№ას-1111-1059-2014 8 დეკემბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი- რ. ბ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ-ი“ (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ი. ზ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საკრედიტო დავალიანების გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს „ს. ბ-მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში რ. ბ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხისათვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე და საკრედიტო ბარათზე არსებული დავალიანების გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რ. ბ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 11138,59 ლარის, საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 386,17 ლარის გადახდა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება რ. ბ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით რ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

აღნიშნული განჩინება მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით რ. ბ-ს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 50 ლარის, ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. განჩინება კერძო საჩივრის ავტორს 15 ნოემბერს ჩაბარდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა 16 ნოემბრიდან დაიწყო და 18 ნოემბერს ამოიწურა. ხარვეზი გამოსწორებული არ ყოფილა, შესაბამისად, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ბ-ის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ვ. როინიშვილი