№ას-1119-1066-2014 29 დეკემბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ზ. ს-ე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ი. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ი. რ-ე (მოპასუხე)
მოპასუხე - ი. მ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულების და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ს-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში ი. რ-ის, ი. მ-ის და ნოტარიუს ნ. კ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა 2012 წლის 22 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, ასევე 2013 წლის 23 დეკემბრის ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 22 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ზ. ს-ის მიერ სესხების ნაწილში და თანხის მსესხებლად დაფიქსირდა ი. მ-ე, შესაბამისად, ასევე ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 23 დეკემბრის სააღსრულებო ფურცელი, სადაც მოვალედ ზ. ს-ე მიეთითა და მოვალედ (მსესხებლად) განისაზღვრა ი. მ-ე, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ზ. ს-მ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 სექტემბრის განჩინებით ზ. ს-ს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის ფასის განსაზღვრა და სახელმწიფო ბაჟის -ამ ფასის 4%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა დაევალა.
იმავე სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ზ. ს-ის სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, განუხილველად დარჩა.
აღნიშნული განჩინება ზ. ს-ის წარმომადგენელმა ი. ა-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, ამ საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარს შეადგენს, რისთვისაც მიცემული ვადა საკმარისი არ აღმოჩნდა. მან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა და საპროცესო ვადის გაგრძელება ითხოვა, მაგრამ სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება შეეძლო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ზ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 სექტემბრის განჩინებით ზ. ს-ს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის ფასის განსაზღვრა და სახელმწიფო ბაჟის - ამ ფასის 4%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა დაევალა. ხარვეზის განჩინება ზ. ს-ის წარმომადგენელს 2014 წლის 16 სექტემბერს ჩაბარდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-61-ე მუხლებიდან გამომდინარე, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა 17 სექტემბრიდან დაიწყო და 26 სექტემბერს ამოიწურა. ხარვეზი ამ ვადაში შევსებული არ ყოფილა.
კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება, რომ მან სასამართლოს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართა, სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან საქმეში მსგავსი განცხადება არ მოიპოვება.
კერძო საჩივრის ავტორის იმ მითითების პასუხად, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება შეეძლო, საკასაციო სასამართლო განმარტავს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-48 მუხლების საფუძველზე, სასამართლოს საკუთარი დისკრეციის ფარგლებში შეუძლია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, ოდენობის შემცირების ან გადავადების თაობაზე, რაც მხარის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს. სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან კანონით გათვალისწინებული სხვაგვარი შეღავათის გაწევის საფუძველი არის მხოლოდ მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა. შესაბამისი მტკიცებულებები მხარემ უნდა წარადგინოს.
განსახილველ შემთხვევაში, ზ. ს-ის სააპელაციო საჩივარს მისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება არ ერთვოდა. ამგვარი მტკიცებულება არც შემდგომში ყოფილა წარდგენილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ზ. ს-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
ლ. მურუსიძე