№ას-1120-1067-2014 22 დეკემბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - კ. გ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ზ. ს-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ზ. ს-მა“ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში კ. გ-ას წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხისათვის მის მიერ უკანონოდ დაკავებული ფართით სარგებლობაში ხელშეშლით მიყენებული ზიანის - 2805 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 28 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ზ. ს-ის“ სარცელი დაკმაყოფილდა, კ. გ-ას დაეკისრა 2805 ლარის გადახდა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხემ კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 მაისის განჩინებით კ. გ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იმავე სასამართლოს 2014 წლის 28 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 სექტემბრის განჩინებით სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, კ. გ-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტს უწყება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა, სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ კი, სასამართლოსათვის არ უცნობებია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კ. გ-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სხდომაზე კანონით დადგენილი წესით მიწვეული არ ყოფილა. სასამართლო უწყება მის ოჯახის წევრს არ ჩაბარებია. გზავნილი ჩაიბარა ნ. მ-ამ, რომელიც კ. გ-ას ოჯახის წვერი ან ნათესავი არ არის. როგორც აღმოჩნდა, ნ. მ-ა პირადი ნომრით ..... არის ერთი წლის ბავშვი, რომელთანაც კ. გ-ას ნათესაური კავშირი არ აქვს. კერძო საჩივარს ერთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობა, რომლის თანახმადაც კ. გ-ას ოჯახის წევრები არიან დედა ი. გ-ა, მეუღლე ლ. ფ-ა, შვილები ლ., დ. და ნ. გ-ები. საკასაციო სასამართლოში ასევე წარმოდგენილია ნ. მ-ას დაბადების მოწმობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კ. გ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 სექტემბრის განჩინებით სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, კ. გ-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233.1(ა) მუხლის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
იმავე კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით კი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი აპელანტის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დარჩა განუხილველად, საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმებით ხელმძღვანელობს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ კ. გ-ა სხდომაზე კანონით დადგენილი წესით არ იყო მიწვეული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1 მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.
იმავე კოდექსის 74.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კ. გ-ას მისამართზე გაგზავნილი უწყება ჩაიბარა ნ. მ-ამ, ბიძაშვილმა. შეტყობინების ბარათზე აღნიშნულია მიმღები პირის პირადი ნომერი .........(ს.ფ.231).
კ. გ-ამ საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარმოუდგინა ნ. მ-ას დაბადების მოწმობა, რომლის თანახმადაც ეს უკანასკნელი .... წლის .... მარტსაა დაბადებული და მისი პირადი ნომერია ........., შესაბამისად, ნ. მ-ა თუნდაც კ. გ-ას ნათესავი და ოჯახის წევრი იყოს, მისთვის უწყების ჩაბარება კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გაუგებარია, ამ შემთხვევაში, ფოსტის თანამშრომელმა მართლა 1 წლის ბავშვს ჩააბარა დოკუმენტი და მის ნაცვლად ვინმემ მოაწერა ხელი, თუ სხვა შეცდომას აქვს ადგილი, მაგრამ ცხადია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება, რომ კ. გ-ასათვის გაგზავნილი უწყება მისი ოჯახის ქმედუნარიან წევრს ჩაბარდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. გ-ას კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ. გ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
ლ. მურუსიძე