№ას-1122-1069-2014 24 დეკემბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - სს „თ. ბ-ი“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ნ. ზ-ა
მოწინააღმდეგე მხარე - დ. მ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „თ. ბ-მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში დ. მ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხისათვის 12654,73 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით სს „თ. ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ. მ-ს დაეკისრა 11.02.2011 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 5307,99 ლარის, ასევე 2014 წლის 7 მაისიდან დავალიანების დაფარვამდე პირგასამტეხლოს, 0,05%-ის გადახდა, 30.06.2011 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1027,94 ლარის, ასევე 2014 წლის 7 მაისიდან დავალიანების დაფარვამდე პირგასამტეხლოს, 0,05%-ის გადახდა, 17.05.2012 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1258,76 ლარის, 2014 წლის 7 მაისიდან დავალიანების დაფარვამდე პირგასამტეხლოს, 0,05%-ის გადახდა, 19.12.2012 წლის ხელშეკრულების გამომდინარე დავალიანების 647,55 ლარის, 2014 წლის 7 მაისიდან დავალიანების დაფარვამდე პირგასამტეხლოს, 0,05%-ის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 სექტემბრის განჩინებით სს „თ. ბ-ის“ დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის 419,16 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
იმავე სასამართლოს 2014 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით სს „თ. ბ-ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხარვეზის შევსების ვადა 29 სექტემბერს ამოიწურა, ხოლო დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და ბაჟის ქვითარი 30 სექტემბერსაა წარდგენილი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მხარის მითითებით, განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ და თანდართული დოკუმენტები ფოსტას 29 სექტემბერს ჩაბარდა, შესაბამისად, ვადა გაშვებული არ ყოფილა. კერძო საჩივარს ერთვის შპს „სკს-ს“ შეტყობინების ბარათი, ამონაბეჭდი N200185485 გზავნილის მოძრაობის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ სს „თ. ბ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ თანდართულ მასალებთან ერთად ფოსტას კანონით დადგენილი ვადის გასვლამდე ჩაბარდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
იმავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
აღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, მხარემ უტყუარად უნდა დაადასტუროს ის გარემოება, რომ სადავო დოკუმენტები კანონით დადგენილი ვადის გასვლამდე ჩააბარა ფოსტას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალები ადასტურებს, რომ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარსა და ბაჟის გადახდის ქვითრებზე თანდართულ კონვერტზე არ არის რაიმე აღნიშვნა, ბეჭედი ან შტრიხკოდი, შესაბამისი გზავნილის ნომრით, რაც ამ გზავნილის ფოსტის მეშვეობით გაგზავნას დაადასტურებდა. კონვერტს ასევე არ ერთვის საფოსტო სერვის „TNT-ს“ ბილი.
კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა შპს „სკს-ს“ შეტყობინების ბარათი, ამონაბეჭდი N200185485 გზავნილის მოძრაობის შესახებ, რომლებიც ადასტურებს, რომ გზავნილი ფოსტას 29 სექტემბერს გადაეცა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30 სექტემბერს ჩაბარდა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტებზე დართულ კონვერტს არ აქვს ფოსტის მიერ მინიჭებული გზავნილის ნომერი, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ ფოსტას კონკრეტულად ამ სამოქალაქო საქმეზე წარსადგენი დოკუმენტები გადასცა, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ სს „თ. ბ-ი“ საქართველოს საერთო სასამართლოებში და მათ შორის თბილისის სააპელაციო სასამართლოში, არაერთ სამოქალაქო დავას აწარმოებს. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ შპს „სკს-ს“ შეტყობინების ბარათზე გამგზავნად სს „თ. ბ-ი“ არ არის მითითებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინება სს „თ. ბ-ს“ 2014 წლის 17 სექტემბერს ჩაბარდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, ომ ხარვეზის შევსების ვადა 29 სექტემბერს ამოიწურა, ვინაიდან ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება თანდართული მასალებით სასამართლოში 30 სექტემბერსაა წარდგენილი, სააპელაციო საჩივარი განუხილველად მართებულად დარჩა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „თ. ბ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
ლ. მურუსიძე