№ას-1123-1070-2014 29 დეკემბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ე. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „E-x“
მოპასუხეები - ამხანაგობა „კ-ის 62“, ნ. ე-ა, დ. გ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „E-x-მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში ამხანაგობის „კ-ის 62“, ნ. ე-ას, დ. გ-ისა და ე. გ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა თანხის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „E-x-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ე. გ-ის ნაწილში სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა.
იმავე სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით დამტკიცდა მორიგება შპს „E-x-სა“ და ამხანაგობა „კ-ის 62-ს“ შორის.
აღნიშნული განჩინება ე. გ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე დასაბუთებული განჩინება გამოცხადდა მორიგების დამტკიცების შესახებ. განჩინების გამოცხადებას ესწრებოდნენ ე. გ-ე და მისი წარმომადგენელი ზ. ბ-ე, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 მუხლის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის ათვლა 8 ოქტომბრიდან დაიწყო და (დასვენების დღის გათვალისწინებით) 20 ოქტომბერს ამოიწურა. კერძო საჩივარი კი, 22 ოქტომბერსაა შემოტანილი, ამასთან, მისი შედგენის თარიღად ასევე 22 ოქტომბერია მითითებული, რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის გაშვებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ვინაიდან ე. გ-ის კერძო საჩივარი გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგაა წარმოდგენილი, იგი განუხილველად უნდა დარჩეს, ამასთან, საპროცესო ვადის ათვლაზე გავლენას ვერ მოახდენს სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მითითება, რომ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა დასაბუთებული ასლის მხარეთათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში, ვინაიდან სასამართლო შეცდომა არ ცვლის კანონით დადგენილ გასაჩივრების წესსა და ვადას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. 374.3 მუხლის თანახმად კი, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მოცემულ შემთხვევაში, ე. გ-ს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. გ-ის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ე. გ-ს დაუბრუნდეს 17.11.14 წლის N30 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
ლ. მურუსიძე