№ას-1124-1071-2014 25 დეკემბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ. ბ-ე, კ. და ნ. ე-ები (მოპასუხეები)
წარმომადგენელი - ე. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - მ. და დ. ე-ები (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ქონებით სარგებლობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. და დ. ე-ებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნ. ბ-ის, კ. ე-ის, ნ. ე-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს მოპასუხეთათვის 72803,17 ლარისა და თანხის დაბრუნებამდე უძრავი ქონებით სარგებლობის დაკისრების მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით მ. და დ. ე-ების სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 აგვისტოს განჩინებით აპელანტებს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 3087 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალათ.
იმავე სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ნ. ბ-ის, კ. ე-ის, ნ. ე-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხარვეზის განჩინება აპელანტების წარმომადგენელ ე. მ-ს გაეგზავნა და 3 სექტემბერს ჩაბარდა. შეტყობინების ბარათზე მისი პირადი ნომერია მითითებული. 2014 წლის 16 სექტემბერს ე. მ-მ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, ოდენობის 50%-ით შემცირება ან საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელება მოითხოვა. ვინაიდან მხარეს ხარვეზის განჩინება 3 სექტემბერს ჩაბარდა, ხარვეზის შევსების ვადა 15 სექტემბერს ამოიწურა. განცხადებები კი, ფოსტას 16 სექტემბერს გადაეცა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. ბ-ის, კ. და ნ. ე-ების წარმომადგენელმა ე. მ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, საქმეში წარმოდგენილი შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარების შესახებ არასარწმუნოა. ბარათში არასწორადაა მითითებული საქმის ნომერი. შევსებულია ჩაუბარებლობის მიზეზი „გადასულია სხვა მისამართზე“. გზავნილის ჩაბარების გრაფაში წერია სიტყვა „წარმომადგენელი“, არ არის მითითებული სახელი და გვარი, არ არის მიმღები პირის ხელმოწერა, დაფიქსირებულია ჩაბარების ორი თარიღი. გზავნილის წონად მითითებულია 0 კგ, ანუ, კონვერტი ცარიელი იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის, კ. და ნ. ე-ების კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით , სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინება ერთი გზავნილით გაეგზავნა აპელანტებსაც და მათ წარმომადგენელ ე. მ-საც. გზავნილში სასამართლოსათვის ცნობილი ყველა მისამართია მითითებული.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ საქმეში არსებული შეტყობინების ბარათით უტყუარად არ დასტურდება, გზავნილი ვის ჩაბარდა.
შპს „სკს-ს“ შეტყობინების ბარათზე (ს.ფ. 312) შევსებულია გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზი: „გადასულია სხვა მისამართზე.“ საკასაციო სასამართლოსათვის გაუგებარია, ეს მითითება ვის ეხება, უშუალოდ მხარეს, თუ წარმომადგენელს, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, ხარვეზის განჩინება ყველასთან ერთი გზავნილით გაიგზავნა. გზავნილის ჩაბარების გრაფაში მითითებულია მხოლოდ „წარმომადგენელი“, არ არის მითითებული მიმღები პირის სახელი და გვარი. ბარათი ხელმოუწერელია. მართალია, ბარათზე არსებული პირადი ნომერი, სავარაუდოდ, ე. მ-ს ეკუთვნის (საქმეში არსებულ ბარათზე პირადი ნომრის ბოლო ციფრი არ იკითხება, მაგრამ დანარჩენი სიმბოლოები ე. მ-ის პირად ნომერს ემთხვევა), მაგრამ საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ ეს გარემოება გზავნილის ამ უკანასკნელის მიერ მიღებას არ ადასტურებს, ვინაიდან, პირადი ნომერი მითითებულია როგორც საქმეში, ისე სხვადასხვა დოკუმენტებში, მათ შორის მინდობილობებშიც.
ვინაიდან ხარვეზის განჩინების მხარისათვის ჩაბარება უტყუარად არ დასტურდება, აპელანტების მიერ ხარვეზის განჩინების საპასუხოდ წარდგენილი განცხადებები ვადაში შეტანილად უნდა იქნეს მიჩნეული, ამდენად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არ არსებობდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ბ-ის, კ. და ნ. ე-ეების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინება და საქმე ნ. ბ-ის, კ. და ნ. ე-ების სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
ლ. მურუსიძე