№ას-1127-1074-2014 25 დეკემბერი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - მ. ბ-ე
წარმომადგენელი - ვ. ფ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ტ. ბ-ი
მოპასუხე - თ. ბ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ივლისის განჩინებით დამტკიცდა მორიგება ერთი მხრივ აპელანტებს მ. ბ-სა და თ. ბ-ს შორის და მეორე მხრივ ტ. ბ-ს შორის შემდეგი პირობებით: თ. ბ-ი და მ. ბ-ე ტ. ბ-ს გადაუხდიან 10 000 ლარს 2014 წლის 1 ოქტომბრამდე. აღნიშნული თანხა წარმოადგენდა ქ. გორში, ლ-ის ქ. N8/2-ში მდებარე ბინის ტ. ბ-ის კუთვნილი 1/3 წილის კომპენსაციას. ტ. ბ-ი თანხმობას აცხადებდა 2014 წლის 1 ოქტომბრამდე 10 000 ლარის მიღებაზე და 2014 წლის 1 ოქტომბრიდან თმობდა ქ. გორში, ლ-ის ქ. N8/2-ში მდებარე ბინის კუთვნილი 1/3 წილზე საკუთრების უფლებას მ. ბ-ისა და თ. ბ-ის სასარგებლოდ. მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოება შეწყდა და გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება.
2014 წლის 3 სექტემბერს მ. ბ-ის წარმომადგენელმა ვ. ფ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინებისა და გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. განმცხადებლის მტკიცებით, საქმის განხილვაზე მიწვეული იყო მხოლოდ მ. ბ-ის წარმომადგენელი ე. პ-ი. თავად მ. ბ-ე კი, მიწვეული არ ყოფილა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 სექტემბრის განჩინებით მ. ბ-ის წარმომადგენლის განცხადება განუხილველად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან მ. ბ-ის წარმომადგენელი საქმის განხილვაზე მიწვეული იყო, გადაწყვეტილების ბათილად ცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით, დაუშვებელია. მ. ბ-ე თავად აწერს ხელს სააპელაციო საჩივარზე და საქმის განხილვისას მას არ განუცხადებია პრეტენზია, რომ სხდომაზე მიწვეული არ იყო. სააპელაციო სასამართლოს ასევე აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ივლისის განჩინებით გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდა, შესაბამისად, მის ბათილად ცნობაზე სასამართლო ვერ იმსჯელებდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. ბ-ის წარმომადგენელმა ვ. ფ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა შემდეგი დასაბუთებით: განცხადება ბესარიონ ტაბაღუამ განიხილა რითაც სამოქალაქო საპროცესო 31-ე მუხლის მოთხოვნა დაირღვა, ვინაიდან იგი საქმის განხილვის შედეგით დაინტერესებული იყო. 2014 წლის 19 ივნისის განჩინება ამ საქმეზე მან გამოიტანა. საქმის განხილვაზე მ. ბ-ე მიწვეული არ იყო. სააპელაციო და რაიონულ სასამართლოში მიწვეული იყო მხოლოდ მისი წარმომადგენელი ე. პ-ი. ეს უკანასკნელი მ. ბ-ს სხდომის თაობაზე არ ატყობინებდა. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები, რომლებიც სააპელაციო საჩივრის განხილვის წესებს ადგენს. მ. ბ-ისათვის ცნობილი არ იყო საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის თაობაზე და იგი ვერ მიუთითებდა სხდომაზე მისი დაუბარებლობის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში სადავოა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების საკითხი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ ეტაპზე მოსამართლემ უნდა შეაფასოს, აკმაყოფილებს თუ არა განცხადება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მოთხოვნებს, ასევე დაცულია თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლით დადგენილი განსჯადობის წესები.
განმცხადებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას იმ საფუძვლით ითხოვდა, რომ პირი, რომლის კანონიერ ინტერესებსაც სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეეხება, საქმის განხილვაზე მიწვეული არ იყო. საქმის განხილვაზე მიწვეული იყო მხოლოდ მ. ბ-ის წარმომადგენელი, თავად მ. ბ-ე კი - არა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ეს ნორმა შეეხება შემთხვევას, როდესაც პირი, ვის ინტერესებსაც სადავო გადაწყვეტილება შეეხება, საერთოდ არ არის ჩაბმული საქმის განხილვაში. იმ შემთხვევაში, თუ მხარედ ან მესამე პირად ჩაბმული პირი კანონით დადგენილი წესით არ არის სხდომაზე დაბარებული, მოქმედებს ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მ. ბ-ე საქმის განხილვაში ჩაბმული იყო მხარედ, არამედ შესაფასებელია მისი სხდომაზე დაბარების საკითხი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ ნორმის საფუძველზე, სასამართლო ვალდებულია, სხდომის თაობაზე აცნობოს უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს და არა ორივე მათგანს. მხარე თავად მიუთითებს, რომ მ. ბ-ის წარმომადგენელი საქმის განხილვაზე მიწვეული იყო, ამასთან, სადავო ე. პ-ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება სადავო არ არის, შესაბამისად, თავად განცხადებაში მითითებული ფაქტები გამორიცხავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლით განსაზღვრული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობას, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ განცხადება დაუშვებლად მართებულად მიიჩნია.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად იმ გარემოებას ასახელებს, რომ განცხადება მოსამართლე ბესარიონ ტაბაღუამ განიხილა, რომელიც დაინტერესებული იყო საქმის განხილვის შედეგით. ვინაიდან 2014 წლის 19 ივნისის განჩინება ბესარიონ ტაბაღუას მონაწილეობითაა მიღებული, განცხადება სხვა მოსამართლეს უნდა განეხილა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობის დაუშვებლობის საფუძვლები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-31 მუხლებითაა დადგენილი. აღნიშნული ნორმები არ კრძალავს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვას იმ მოსამართლის მიერ, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა. რაც შეეხება მითითებას, რომ მოსამართლე ბესარიონ ტაბაღუა საქმის განხილვის შედეგით იყო დაინტერესებული, შესაბამის გარემოებებსა და მტკიცებულებებზე თავად განმცხადებელს უნდა მიეთითებინა, რაც შესრულებული არ არის.
კერძო საჩივრის ავტორი ვრცლად შეეხება, ე. პ-ის დანაშაულებრივ (მისი მოსაზრებით) მოქმედებას მ. ბ-ის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოება განახლდება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
მოცემულ შემთხვევაში ამგვარი განცხადება აღძრული არ ყოფილა და არც განაჩენი მოიპოვება საქმეში, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამ გარემოებებს არ შეაფასებს.
კერძო საჩივრის დანარჩენი ნაწილი ეთმობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების მ. ბ-ის წარმომადგენლისეულ ინტერპრეტაციებს, რომლებიც მცდარია, მაგრამ თუნდაც სინამდვილეს შეესაბამებოდეს, საქმის წარმოების განახლების საფუძვლები ამომწურავადაა ჩამოთვლილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებში, საპროცესო ნორმების არასწორი განმარტება კი, მათ რიცხვში არ არის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2014 წლის 5 დეკემბრის განცხადებით მ. ბ-ის წარმომადგენელმა ვ. ფ-მა განცხადების განხილვამდე გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოითხოვა. ვინაიდან წინამდებარე განჩინებით კერძო საჩივარი არ კმაყოფილდება, აღსრულების შეჩერების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 სექტემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
ლ. მურუსიძე