№ას-1128-1075-2014 3 დეკემბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ჯ. ჰ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე - დ., ნ., ვ. და დ. დ-ები
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის გადახდის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
დ., ნ., ვ. და დ. დ-ებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ჯ. ჰ-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს გადაუხდელი ქირისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით დ., ნ., ვ. და დ. დ-ების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ჯ. ჰ-ს“ მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა გადაუხდელი ქირის - 6200 ლარის, 2014 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 400 ლარის, ასევე პროცესის ხარჯების ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 სექტემბრის განჩინებით შპს „ჯ. ჰ-ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
აღნიშნული განჩინება შპს „ჯ. ჰ-მა“ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ნოემბრის განჩინებით შპს „ჯ. ჰ-ის“ წარმომადგენელ მ. ბ-ს განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში ა) სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და ბ) კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული მინდობილობის (სადაც გათვალისწინებული იქნებოდა კერძო საჩივრის შეტანისა და საქმის საკასაციო ინსტანციაში წარმოების უფლებამოსილება) წარმოდგენა დაევალა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
იმავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის განჩინება შპს „ჯ. ჰ-ს“ გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - თბილისი, გ-ის გამზ. 12ა, კორპ 5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს კურიერის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ შპს „ჯ. ჰ-ი“ ამ მისამართზე აღარ ფუნქციონირებს, შესაბამისად, მხარემ შეიცვალა მისამართი, რის შესახებაც სასამართლოსათვის არ უცნობებია, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გზავნილი მხარისათვის ჩაბარებულად უნდა იქნეს მიჩნეული კურიერის მისამართზე გამოცხადების მომენტიდან - 2014 წლის 14 ნოემბრიდან. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ხარვეზის განჩინება შპს „ჯ. ჰ-ს“ დამატებით ალტერნატიულ მისამართზეც (თბილისი, ფ-ის ქ. კორპ.6, ბ.20) გაეგზავნა, მაგრამ ვერც ამ მისამართზე ჩაბარდა.
საკასაციო სასამართლო ხარვეზის შევსების ვადას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61 მუხლების შესაბამისად, 15 ნოემბრიდან ითვლის და ვინაიდან ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოსწორებულა, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჯ. ჰ-ის“ კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ვ. როინიშვილი