Facebook Twitter

№ას-1129-1076-2014 24 დეკემბერი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „..... +“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - გ. ყ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ნ-ე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ვ. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ნ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „... +-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხისათვის 1510,97 ლარის გადახდის დაკისრების მოტხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „.... +-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ 1510,97 ლარის გადახდა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 სექტემბრის განჩინებით შპს შპს „.... +-ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან აპელანტი კანონით დადგენილ ვადაში საქალაქო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად არ გამოცხადდა, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს დაიწყო და 2 სექტემბერს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი კი, 3 სექტემბერსაა შეტანილი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა დარღვეული არ ყოფილა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შპს „..... +-ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემომითითებული მუხლი, ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად.

საკასაციო პალატა იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეთათვის გადასაცემად, აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოება, რის გამოც სასამართლო, მიმართვის შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღესვე ვერ შეძლებს მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2014 წლის 21 ივლისს გამოცხადდა, რასაც ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენელი, შესაბამისად, მას არა უადრეს 10 აგვისტოსი და არა უგვიანეს 20 აგვისტოსი უნდა მიემართა სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად;

2. 2014 წლის 21 და 22 აგვისტოს შპს „.... +-ის“ წარმომადგენელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით მიმართა. განცხადებებს რეაგირება არ მოჰყოლია;

3. საქმეში არ არის წარმოდგენილი იმის დამდასტურებელი მტკიცებულება, რომ გადაწყვეტილება შპს „..... +-ს“ ჩაბარდა;

4. მოსარჩელეს გადაწყვეტილება 2014 წლის 3 სექტემბერს ჩაბარდა.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოპასუხემ ორჯერ მიმართა განცხადებით სასამართლოს, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩაბარებია. მართალია, განცხადებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგაა წარდგენილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს რეაგირება არ ევალებოდა. ვინაიდან, მოთხოვნის მიუხედავად, გადაწყვეტილება მხარეს ვერ ჩაბარდა, საკასაციო სასამართლოს აზრით, განსახილველ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჰქონდა მზად სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა. ამ ვარაუდს ის ფაქტიც ამყარებს, რომ გადაწყვეტილება მოსარჩელეს 3 სექტემბერს ჩაბარდა. იმის დამდასტურებელი მტკიცებულება, რომ გადაწყვეტილება მხარეს თავისი მიზეზით არ ჩაბარდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვადის ათვლა ამ შემთხვევაში არა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღიდან უნდა დაიწყოს, არამედ გადაწყვეტილების რეალურად ჩაბარებიდან.

ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხეს პირველ ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საერთოდ ჩაბარდა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველგვარი ეჭვი მხარის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქმის მასალები არ ადასტურებს, რომ სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14-დღიანი ვადის დარღვევითაა წარდგენილი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ შემთხვევაში შპს „.... +-ის“ სააპელაციო საჩივარი ვადაში წარდგენილად უნდა იქნეს მიჩნეული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს, ხოლო მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 2000 ლარს.

წინამდებარე დავა მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია, შესაბამისად, შპს „..... +-ს“ კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით 39-ე მუხლით განსაზღვრული ოდენობის ნახევარი უნდა გადაეხადა, მოცემულ შემთხვევაში კი, სახელმწიფო ბაჟი სრულადაა გადახდილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლი ითვალისწინებს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებას, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „.... +-ს“ ზედმეტად გადახდილი 25 ლარი უნდა დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „..... +-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 სექტემბრის განჩინება და საქმე შპს „.... +-ის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. შპს „.... +-ს“ დაუბრუნდეს 11/17/2014 წლის საგადახდო დავალებით ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 25 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე