საქმე №ას-1136-1082-2014 22 დეკემბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – რ. ს-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ჯ. ს. უ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა, შრომითი ანაზღაურების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება (რომელიც მიქცეული იყო დაუყოვნებლივ აღსასრულებლად) სსიპ „ა. ი-ის“ 2007 წლის 21 სექტემბრის №01/7 ბრძანების გაუქმებისა და 2007 წლის 20 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით შრომისუუნარობის ფურცელზე ყოფნისას განაცდურის გადახდის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ. ს-ის სარჩელი სსიპ „ა. ი-ის“ 2007 წლის 21 სექტემბრის №01/7 ბრძანების რ. ს-ის ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რ. ს-ის მოთხოვნა დროებით შრომისუუნარობის განაცდურის ანაზღაურებაზე და სსიპ „ა. ი-ს“ დაეკისრა რ. ს-ის სასარგებლოდ 2007 წლის 20 სექტემბრის დროებით შრომისუუნარობის საზღაური.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით სსიპ „ა. ს. ს. უ-ის“ (სსიპ „ა. ი-ის“ უფლებამონაცვლის) განცხადება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების შესახებ დაკმაყოფილდა, რ. ს-ს დაეკისრა სსიპ „ა. ს. ს. უ-სათვის“ 364,32 ლარის დაბრუნება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
სსიპ „ა. ს. ს. უ-მა“ რამდენჯერმე განიცადა რეორგანიზაცია და ყოველ ჯერზე მიმართავდა სასამართლოს ახალი იურიდიული პირის ზემოხსენებული უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ ცნობის მოთხოვნით.
საბოლოოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 სექტემბრის განჩინებით სსიპ „ა. ს. ს. უ-ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ „ს-ჯ. ს. უ-ი“.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე რ. ს-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე რ. ს-ის საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვა და აღნიშნული საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
მხარის მითითებით, მას არ ჩაბარებია სსიპ ს-ჯ. ს. უ-ის განცხადების ასლი და სასამართლოს განჩინება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე, რითაც შეილახა მხარის საპროცესო და კონსტიტუციური უფლებები.
სასამართლომ მოცემული საქმე არსებითად არასათანადოდ განიხილა, საერთოდ არ შეაფასა მტკიცებულება, კერძოდ, რ.ს-ის 2007 წლის 15 სექტემბრის განცხადება, რომლითაც მხარე ადმინისტრაციას ატყობინებდა გადაუდებელი სამკურნალო პროცედურების ჩასატარებლად გამგზავრების შესახებ და ითხოვდა შვებულების გაფორმებას. აღნიშნული მტკიცებულების გათვალისწინების შემთხვევაში სასამართლო უკანონო გადაწყვეტილებას აღარ მიიღებდა.
სასამართლომ მოცემული დავის ფარგლებში, 2008 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით უარი განაცხადა მართლმსაჯულების განხორციელებაზე, რაც იმით დაასაბუთა, რომ მას შემდეგ, რაც საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით სამოქალაქო საქმეთა პალატას დაექვემდებარა, ბრძანების გამცემი პირის უფლებამოსილების საკითხზე პალატა ვერ იმსჯელებდა და ჩათვალა, რომ იგი უფლებამოსილი იყო, შეემოწმებინა ბრძანების კანონიერება შრომის კოდექსთან მიმართებით. ასეთ პირობებში კი, არ არსებობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვერდიქტი, სააპელაციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილების მიუხედავად, საკასაციო წესით გასაჩივრებისა.
მხარის მოსაზრებით, ამჟამად გასაჩივრებული განჩინება სწორედ ზემოხსენებული უსამართლობის დაკანონებას ემსახურება, რითაც რ.სანდროშვილს ადგება მორალური და მატერიალური ზიანი, ელახება უფლებები და ღირსება.
სასამართლოს არ უმსჯელია, რა დაუძლეველი ძალისა და გადაულახავი გარემოების გამო გახდა შეუძლებელი სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიქცევა ან ნებაყოფლობით აღსრულების შეთავაზება წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში. ფაქტობრივად, აღსრულების პროცესის გაჭიანურება ემსახურება რ.ს-სათვის მორალური ზიანის გახანგრძლივებას. საქმის განხილვის პროცესიდან მის მიმართ ხორციელდებოდა დევნა ხელისუფლების მხრიდან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კი მიუთითა, რომ რიგ შემთხვევებში სასამართლო არ იყო თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში. ამდენად, მოცემული დავა ხელახლა უნდა გადამოწმდეს და განხილულ იქნას საკასაციო სასამართლოს მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინება შეეხება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე ერთ-ერთი მხარის – სსიპ „ა. ს. ს. უ-ის“ უფლებამონაცვლედ სსიპ „ს-ჯ. ს. უ-ის“ ჩაბმას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საქმის განხილვისას, ისევე, როგორც მისი დასრულების შემდეგ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც დასაშვებია კანონით დადგენილ შემთხვევაში ერთ-ერთი მხარის შეცვლა სხვა პირით. მოდავე მხარის ნაცვლად მისი უფლებამონაცვლის ჩაბმა დაკავშირებულია ამა თუ იმ საფუძვლით მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მის გასვლასთან, რა დროსაც მხარე კარგავს და სხვა პირს გადასცემს თავის საპროცესო სტატუსს. ამგვარი საპროცესო უფლებამონაცვლეობა მჭიდროდაა დაკავშირებული მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებში შესაძლო უფლებამონაცვლეობასთან, კერძოდ, თუ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით, იგი დასაშვებია პროცესუალურადაც. ამდენად, საპროცესო უფლემონაცვლეობა შეუზღუდავი არ არის და ხორციელდება კანონით დადგენილ ფარგლებში.
სხვა პირის უფლებამონაცვლედ დავაში ჩაბმულ მხარეს იგივე საპროცესო უფლებები და მოვალეობანი გააჩნია, რაც მის წინამორბედ პირს, რომლის მონაწილეობითაც მანამდე მიმდინარეობდა საქმის წარმოება. ამავდროულად, საქმის წარმოების პროცესში უფლებამონაცვლეობის დადგენამდე მხარედ ჩაბმული პირის მიერ განხორციელებული ყველა საპროცესო მოქმედება ძალაში რჩება უფლებამონაცვლის მიმართაც, ხოლო წინამორბედი მხარის მიერ შესრულებული მოქმედებები შესრულებულად ეთვლება უფლებამონაცვლესაც.
საპროცესო უფლებამონაცვლეობის დასაშვებ ერთ-ერთ სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს მოდავე იურიდიული პირის რეორგანიზაცია. ასეთ დროს საჭიროა პროცესის სუბიექტის – კონკრეტულ დავაში მხარედ ჩაბმული რეორგანიზაციამდე არსებული იურიდიული პირის შეცვლა რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული ახალშექმნილი იურიდიულ პირით. ასეთ დროს საქმეში მხარედ უნდა ჩაებას რეორგანიზებული პირი, რომელმაც წინამორბედი ორგანიზაციისაგან მიიღო კონკრეტული დავის ფარგლებში არსებული უფლება-მოვალეობანი და ამასთან ერთად შეიძინა აღნიშნული უფლებების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობაც.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში საპროცესო უფლებამონაცვლეობა ზემოაღნიშნულ კანონის დანაწესს შეესაბამება და მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაშვებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
მითითებული ნორმის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს მოცემული ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით.
ამავე კოდექსის 404-ე და 407-ე მუხლებით კანონმდებელმა დაადგინა საკასაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრების ფარგლები, რაშიც, სხვა საკითხებთან ერთად, იგულისხმება, რომ მხარეს შეუძლია, პრეტენზია წარადგინოს მხოლოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილებითა და მისი წინმსწრები ისეთი განჩინებით ნამსჯელ ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც დამოუკიდებლად არ საჩივრდება.
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილ დავაზე არსებითად საქმის წარმოება დასრულებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით.
სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება შეეხება სააღსრულებო ფურცლის ამოწერის შემდგომ ერთ-ერთი მოდავე მხარის – სსიპ „ა. ს. ს. უ-ის“ უფლებამონაცვლედ სსიპ „ს-ჯ. ს. უ-ის“ ცნობის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილების კანონიერებას. შესაბამისად, აღნიშნული განჩინების გასაჩივრებისას მხარის კერძო საჩივარი შეიძლება, შეიცავდეს პრეტენზიას განცხადებაზე მიმდინარე წარმოებისას დაშვებულ გარკვეულ საპროცესო დარღვევებთან ან იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ უფლებამონაცვლება დადგინდა არასწორი მხარის მიმართ.
განსახილველი კერძო საჩივრის ავტორი მითითებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ერთი მხრივ, მიიჩნევს მისთვის სსიპ ს-ჯ. ს. უ-ის განცხადებისა და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე სასამართლოს განჩინების ასლების ჩაუბარებლობის ფაქტს, მეორე მხრივ კი, სცდება კერძო საჩივრის დასაშვები მოთხოვნების ფარგლებს და სადავოდ ხდის საქმის არსებითად განხილვისას მიღებული გადაწყვეტილებების სისწორეს, იგი მოითხოვს ამ საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე მისი საკასაციო საჩივრის ხელახლა განხილვას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რ. ს-ის ამ უკანასკნელ მოთხოვნაზე ვერ იმსჯელებს, რადგან მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა მხარის უფლებამონაცვლედ ჩაბმის შესახებ განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივრით პარალელურად ამავე საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ მოთხოვნის წარდგენისა და სასამართლოს მხრიდან მისი შეფასების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება კი, დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LII თავით დადგენილ შემთხვევაში და განსაზღვრული წესით, კერძოდ, კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას მხარემ უნდა წარადგინოს განცხადება და დაასაბუთოს საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის კერძო საჩივრის ფარგლებში წარდგენა დაუშვებელია.
რაც შეეხება რ. ს-ის მითითებას, რომ მას არ ჩაბარებია მოწინააღმდეგე მხარის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმის შესახებ განცხადებისა და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე სასამართლოს განჩინების ასლები, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარის აღნიშნული პრეტენზია ვერ იქნება გაზიარებული. მართალია, სააპელაციო სასამართლოს სსიპ „ა. ს. ს. უ-ის“ უფლებამონაცვლედ სსიპ „ს-ჯ. ს. უ-ის“ ცნობის თაობაზე განცხადების ასლი რ. ს-სათვის არ გაუგზავნია, განცხადების განხილვის ფორმა განჩინებით არ დაუდგენია და, შესაბამისად, არც ასეთი განჩინება მხარისათვის არ ჩაუბარებია, მაგრამ აღნიშნული გარემოებანი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი ვერ გახდება, რადგან ზემოთ ჩამოთვლილი საპროცესო მოქმედებების განხორციელების იმპერატიული მოთხოვნა მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული არ არის.
ასევე დაუსაბუთებელია მხარის არგუმენტი, რომ ზემოაღნიშნულით დაირღვა მისი კანონიერი უფლებები, რადგან სადავო საპროცესო დოკუმენტების რ.ს-სათვის ჩაბარება ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენდა მოწინააღმდეგე მხარის განცხადების განხილვის სამართლებრივ შედეგებზე.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატას ზემოაღნიშნული განცხადების დაკმაყოფილებამდე უნდა ემსჯელა, რა დაუძლეველი ძალისა და გადაულახავი გარემოების გამო გახდა შეუძლებელი სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიქცევა ან ნებაყოფლობით აღსრულების შეთავაზება წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში. დასახელებული საკითხის გამოკვლევა სააპელაციო სასამართლოს კომპეტენციას არ განეკუთვნებოდა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინებით მისი შეფასება მართებულად არ მომხდარა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის მითითებული დანაწესით გათვალისიწნებული სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს, რის გამოც რ. ს-ის კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: თ. თოდრია
ნ. ბაქაქური