Facebook Twitter

საქმე №ას-1138-1084-2014 22 დეკემბერი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ. ჩ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ჩამორთმეული ქონების ღირებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ჩ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ჩამორთმეული ქონების ღირებულების – 3020000 ლარის ანაზღაურების შესახებ.

მოსარჩელის მითითებით, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება, რ. ჩ-ას საკუთრებაში არსებულ ნინოწმინდის რაიონის სოფელ მ-ში მდებარე 20000 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე 664 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე.

მხარემ განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, თუმცა სასამართლოს, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეორე პუნქტისა და მე-6 მუხლის თანახმად, არ მიუთითებია მესაკუთრის სათანადო კომპენსაციით უზრუნველყოფის ოდენობაზე, ხოლო ექსპროპრიატორის მიერ შეთავაზებულ იქნა არასათანადო საკომპენსაციო თანხა.

მოსარჩელის ინიციატივით ჩატარებული აუდიტორული შეფასების შესაბამისად, სადავო ქონების ღირებულება 20000 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში შეადგენს 259000 ლარს, ხოლო მასზე მდებარე 664 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის ნაწილში – 430 000 ლარს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ქონების ღირებულება იყო 66096,7 ლარი, ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 93352 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის ნაწილის – 2800,56 ლარის ანაზღაურება, ხოლო 2926648 ლარის ნაწილში სარჩელს ეთქვა უარი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიტანა სააპელაციო საჩივარი, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რობერტ ჩაჩავამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინებით რ. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა რ. ჩ-ას წარმომადგენელი გ. გ-ი, რომელმაც დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართა, ხოლო გადაწყვეტილება ჩაიბარა 2014 წლის 19 აგვისტოს.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2591 მუხლის პირველი ნაწილით, 61-ე მუხლის მესამე ნაწილით, მე-60 მუხლის მეორე ნაწილით და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო მოსარჩელის წარმომადგენელ გ. გ-ის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან – 2014 წლის 19 აგვისტოდან და ამოიწურა 2014 წლის 2 სექტემბერს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში დასვენების დღე არ იყო. სააპელაციო საჩივარი კი, რ.ჩ-ამ წარადგინა 2014 წლის 4 სექტემბერს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე, 63-ე მუხლების შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით წარდგენა განაპირობებს მის დაუშვებლობას, რაც მისი განუხილველად დატოვების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე რ. ჩ-ამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

მხარემ მიუთითა, რომ გ. გ-მა წერილობითი განცხადებით საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვ.კაკაბაძეს დასაბუთებული გადაწყვეტილებისა და სხდომის ოქმის მისაღებად მიმართა 2014 წლის 7 აგვისტოს, რამდენჯერმე შეეცადა მოსამართლის თანაშემწესთან დაკავშირება, თუმცა შეიტყო, რომ მოსამართლე და მისი თანაშემწე 2014 წლის 25 ივლისიდან 23 აგვისტომდე იყვნენ შვებულებაში. 2014 წლის 13 აგვისტოს გ.გ-ი შეეცადა, სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით ჩაებარებინა სასურველი დოკუმენტები, თუმცა აღმოჩნდა, რომ მოცემულ პერიოდში გ. გ-ის სახელზე გაცემულ მინდობილობას გაუვიდა ვადა და ის უფლებამოსილი არ იყო, მარწმუნებლის სახელით ჩაებარებინა მასალები.

შემდეგ გ.გ-მა წარადგინა ახალი რწმუნებულება და გადაწყვეტილება ჩაიბარა 2014 წლის 29 აგვისტოს.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ გ.გ-მა გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2014 წლის 19 აგვისტოს ჩაიბარა, ვინაიდან მოსამართლე ამ დროს შვებულებაში იმყოფებოდა. რაც შეეხება თარიღს, ტექნიკური შეცდომის გამო, ხელწერილზე არასწორად დაფიქსირდა 19 აგვისტო, 29-ის ნაცვლად, რაც დასტურდება ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის უფროს ს. ტ-ის მიერ 2014 წლის 15 ოქტომბერს გაცემული ცნობით, რომ გადაწყვეტილება გ.გ-ს არ ჩაბარდა შესაბამისი რწმუნებულების არქონის გამო. სასამართლო გადაწყვეტილებას გ.გ-ს ვერ ჩააბარებდა ვერც მოსამართლის თანაშემწე, რადგან ისიც იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ რ. ჩ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ რ. ჩ-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ რ. ჩ-ას სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა არასწორად აითვალა, თუმცა აღნიშნულს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების მიღება არ მოჰყოლია და გასაჩივრებული განჩინება წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე უნდა დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა ეფუძნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლსა და 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტს, რომელთა თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. თავის მხრივ, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მითითებული ნორმების შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს მოცემული ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, შეცვალოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ისე, რომ არ გააუქმოს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი საბოლოო შედეგი.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა რ. ჩ-ას წარმომადგენელი გ. გ-ი, რომელმაც დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში – 2014 წლის 7 აგვისტოს მიმართა, ხოლო გადაწყვეტილება ჩაიბარა 2014 წლის 19 აგვისტოს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა აითვალა 2014 წლის 19 აგვისტოდან და მიიჩნია, რომ იგი 2014 წლის 2 სექტემბერს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი კი, რ. ჩ-ამ შეიტანა 2014 წლის 4 სექტემბერს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის პირობებსა და ვადას ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, რათა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა რ. ჩ-ას წარმომადგენელი გ. გ-ი (ტომი 1, ს.ფ. 197), რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დადასტურებულია 2014 წლის 14 იანვრიდან 16 ივლისამდე გაცემული რწმუნებულებით (ტომი 1, ს.ფ. 134).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ, საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულება მიანდოს სხვა ადვოკატს ან მის თანაშემწეს.

მითითებული ნორმების შესაბამისად, წარმომადგენელი მოვალეა, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, რწმუნებულის სახელითა და მისი ინტერესებიდან გამომდინარე, შეასრულოს გარკვეული საპროცესო მოქმედებები. სასამართლო წარმომადგენელი პროცესის მონაწილეა და მას, როგორც პროცესის სუბიექტს, აქვს გარკვეული უფლებები და მოვალეობები. მარწმუნებლის მიერ რწმუნებულისათვის გადაცემულ უფლებათა ჩამონათვალს, ანუ წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებსა და ვადას განსაზღვრავს სათანადო წესით შედგენილი დავალების ხელშეკრულება.

სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის მიხედვით, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

დავალების ხელშეკრულება ორმხრივი, კონსენსუალური ხელშეკრულებაა. მისი მხარეებია, ერთი მხრივ, მარწმუნებელი, რომელიც დავალების მიმცემია და ამ სახის ურთიერთობებში კრედიტორის როლში გამოდის, ხოლო, მეორე მხრივ, რწმუნებული, რომელიც კისრულობს დავალებული მოქმედების განხორციელებას და მონაწილეობს მოვალის სტატუსით. დავალების ხელშეკრულების საგანია რწმუნებულის მიერ ერთი ან რამდენიმე მოქმედების შესრულება. მარწმუნებელმა შეიძლება, დაავალოს რწმუნებულს როგორც იურიდიული, ისე ფაქტობრივი მოქმედების შესრულება.

სამოქალაქო კოდექსის 713-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია წარმომადგენლის მოვალეობა, მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი ინფორმაცია, ხოლო მისი მოთხოვნით – მიაწოდოს ცნობები დავალების შესრულების მიმდინარეობის შესახებ, შესრულების შემდეგ კი ჩააბაროს მას ანგარიში.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ წარმომადგენელი მხარესა და სასამართლოს შორის ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლია. მის მიერ მხარისაგან მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შესრულებული ყოველი საპროცესო მოქმედება აღიქმება და უთანაბრდება თავად მხარის მხრიდან მათ განხორციელებას. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს წარმომადგენლის პასუხისმგებლობა მხარის მიმართ. კანონის ზემოაღნიშნული დანაწესების საფუძველზე წარმოიშობა სამართლიანი ვარაუდი, რომ წარმომადგენელი ანგარიშს აბარებს მარწმუნებელს დავალების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე და მხარისათვის ცნობილია მისი სახელით განხორციელებული ქმედებების შესახებ.

ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებაზე რ. ჩ-ას წარმომადგენელ გ. გ-ის დასწრება იძლევა საფუძველს, საკასაციო სასამართლომ მიიჩნიოს, რომ თავად რ. ჩ-სათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადებისა და მისი გასაჩივრების წინაპირობების წარმოქმნის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეები იყო 2014 წლის 4-14 აგვისტო, თუმცა მითითებულ ვადაში რ. ჩ-ას სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად არ მიუკითხავს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებას, რომ 2014 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს მიმართა რ. ჩ-ას წარმომადგენელმა გ. გ-მა, ვინაიდან გ.გ-ის მინდობილობას 2014 წლის 16 ივლისს ვადა ამოეწურა, შესაბამისად, იგი გადაწყვეტილების ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს აღარ წარმოადგენდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღიდან – 2014 წლის 14 აგვისტოდან. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის 2014 წლის 4 სექტემბერს შეტანით აპელანტმა კანონით დადგენილი საპროცესო ვადა დაარღვია, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი სავსებით მართებულად დარჩა განუხილველად.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ გ. გ-ს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაბარებაში ხელი შეეშალა 2014 წლის 25 ივლისიდან 23 აგვისტოს ჩათვლით პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლისა და მისი თანაშემწის კუთვნილ შვებულებაში ყოფნის გამო.

უპირველესად, უკვე აღინიშნა, რომ კანონით განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირს სასამართლოსათვის წერილობით არ მიუმართავს, შესაბამისად, მოსამართლისა და მისი თანაშემწის არყოფნა მითითებული საპროცესო მოქმედების შესრულებაში ხელშემშლელ ფაქტორად ვერ ჩაითვლება. ამასთან, კერძო საჩივარში მხარე თავად უთითებს, რომ გადაწყვეტილების ჩაბარება შესაძლებელი იყო სასამართლოს კანცელარიის მეშვეობითაც.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის არგუმენტი გ.გ-ის მიერ ახალი მინდობილობის წარდგენის შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილების 2014 წლის 29 აგვისტოს ჩაბარების თაობაზე, ვინაიდან საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილით (ტომი 1, ს.ფ. 207), გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღად ნათლადაა დაფიქსირებული 2014 წლის 19 აგვისტო, ხოლო მხარის არგუმენტი ტექნიკური შეცდომის დაშვების შესახებ სრულიად დაუსაბუთებელია და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ არის. ასეც რომ არ იყოს და სასამართლომ გაიზიაროს რ. ჩ-ას წარმომადგენელ გ. გ-ის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 2014 წლის 29 აგვისტოს ჩაბარების ფაქტი, სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში შეტანილად მაინც ვერ ჩაითვლება, რადგან, როგორც მოცემული განჩინების კვლევით ნაწილში უკვე განიმარტა, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღიდან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ჩ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: თ. თოდრია

ნ. ბაქაქური