საქმე №ას-1145-1091-2014 22 დეკემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. მ-ი (მოპასუხე)
წარმომადგენელი – მ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები – გ. და შ. ი-ები, ლ. გ-ა (მოსარჩელეები), ო. ი-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გ. ი-მა, შ. ი-მა და ლ. გ-ამ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ნ. მ-ისა და ო. ი-ის მიმართ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე.
მოპასუხე ო. ი-მა სარჩელი ცნო, ხოლო ნ. მ-მა მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილ მოძრავ ნივთებს მოეხსნა ყადაღა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ის წარმომადგენელმა მ. მ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 სექტემბრის განჩინებით ნ. მ-ის წარმომადგენელს მ. მ-ს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღის ვადა და დაევალა სასამართლოსთვის წარმოედგინა ნ. მ-ის მიერ მასზე გაცემული რწმუნებულება, რომელშიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად პირდაპირ იქნებოდა მითითებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლებამოსილების შესახებ ან სააპელაციო საჩივარი, ხელმოწერილი უშუალოდ ნ. მ-ის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ნ. მ-ის წარმომადგენლის მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების 10 დღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 10 სექტემბერს (ანუ განჩინების ჩაბარებიდან მეორე დღეს) და დასრულდა 2014 წლის 19 სექტემბერს. აღნიშნულ ვადაში კი აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია. შესაბამისად, პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე .ნ მ-ის წარმომადგენელმა მ. მ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ მას გადასცა შპს „დ. და პ-ის“ თანაშემწემ თ. კ-მ 2014 წლის 19 სექტემბერს და იმავე დღეს, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, გადააგზავნა სასამართლოში განცხადება ბაჟის ნაწილში ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ. მასვე დაურთო რწმუნებულებაც, მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებში უნდა ყოფილიყო, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში არ ექნებოდა პროცესში მონაწილეობის უფლება. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის აღდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის წარმომადგენლის, მ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 სექტემბრის განჩინებით ნ. მ-ის წარმომადგენელს მ. მ-ს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღის ვადა და დაევალა სასამართლოსთვის წარმოედგინა ნ. მ-ის მიერ მასზე გაცემული რწმუნებულება, რომელშიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად პირდაპირ იქნებოდა მითითებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლებამოსილების შესახებ ან სააპელაციო საჩივარი, ხელმოწერილი უშუალოდ ნ. მ-ის მიერ (იხ. ს.ფ. 124-126).
დადგენილია ასევე, რომ ხარვეზის დაწესების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 სექტემბრის განჩინება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს მ. მ-ს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, ქუთაისი, ა-ის ქ. #1/12 (იხ. ს.ფ. 127). გზავნილზე მითითებულია, რომ განჩინება 2014 წლის 9 სექტემბერს ჩაიბარა თანამშრომელმა თ. კ-მ გადასაცემად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოგზავნილი ხარვეზის განჩინება დატოვებული იქნა არა მის საცხოვრებელ მისამართზე, როგორც ეს მითითებულია განჩინების თავფურცელზე, არამედ ადგილზე, რომელიც მას ქირით აქვს აღებული. ამავე დროს, იგი მიუთითებს, რომ განჩნება ჩაიბარა შპს „დ. და პ-ის“ თანაშემწემ, თ. კ-მ.
კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე არ არის განთავსებული იმ ორგანიზაციის ოფისი, რომლის თანამშრომელმაც ჩაიბარა უწყება გადასაცემად. ასევე, მ. მ-ს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ შპს „დ. და პ-ბის“ თანამშრომელი თ. კ-ე არ არის მისი თანამშრომელი და უწყების ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირი. ამავე დროს, მ. მ-ი კერძო საჩივარში აღნიშნავს, რომ შპს „დ. და პ-ის“ ოფისი მისი სამუშაო ადგილია და იგი არის ადგილი, რომელიც მას ქირით აქვს აღებული.
კერძო საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ ხარვეზის განჩინების ჩაბარების დღესვე, 2014 წლის 19 სექტემბერს, მან ელექტრონული ფოსტის მეშვეობთ სასამართლოს გაუგზავნა განცხადება ბაჟის ნაწილში ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ და მასვე დაურთო რწმუნებულებაც, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში, მ. მ-მა ვერ დაამტკიცა მის მიერ კერძო საჩივარში მითითებული ვერც ერთი გარემოება. ასეთ პირობებში, სასამართლო ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მის დაუსაბუთებელ წერილობით განმარტებას. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განცხადებას, რომ ხარვეზის განჩინება კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის დროისთვის (2014 წლის 5 სექტემბრისათვის) მ. მ-ი იყო ნ. მ-ის წარმომადგენელი (რაც დასტურდება 2012 წლის 12 სექტემბერს გაცემული მინდობილობით (იხ. ს.ფ. 136-137)), მისთვის ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარება ითვლება ნ. მ-სთვის ჩაბარებად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 სექტემბრის განჩინება (ხარვეზის დადგენის შესახებ) 2014 წლის 9 სექტემბერს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა ნ. მ-ის წარმომადგენელს, მ. მ-ს, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, სამოქალაქო საპროცესო კოდექის 70-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული განჩინება ნ. მ-სთვის ჩაბარებულად და ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 10 სექტემბრიდან და ამოიწურულად მიიჩნია 2014 წლის 20 სექტემბერს. დადგენილია, რომ მ. მ-ს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ნ. მ-ის წარმომადგენლის, მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 06 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად; საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
თ. თოდრია