Facebook Twitter

საქმე №ას-1153-1099-2014 10 დეკემბერი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. მ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ფ. ს-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მ. მ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ფ. ს-ას მიმართ პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანის, სადავო ბინის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ივლისის განჩინებით მ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნები: პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანისა და სადავო ბინის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის შესახებ - მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველად.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 სექტემბრის განჩინებით მ. მ-ის კერძო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ივლისის განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მ. მ-მ და მოითხოვა 2014 წლის 16 სექტემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობების გასწორება, აგრეთვე, განმარტება არის თუ არა 1992 წლის პრივატიზაციის ხელშეკრულების 30.03.06 წლისთვის ბათილად ცნობის მოთხოვნა სამოქალაქო წესით განსახილველი და, აღნიშნულის გათვალისწინებით, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა მის კერძო საჩივარში მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2014 წლის 16 სექტემბრის განჩინებაში ტექნიკური მიზეზის გამო, შეცდომით იყო მითითებული გასაჩივრებული განჩინების მიმღები სასამართლო და მისი თარიღი. კერძოდ, არასწორი იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 სექტემბრის განჩინების შესავალ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების პუნქტი, სადაც მითითებული უნდა ყოფილიყო შემდეგი: „გასაჩივრებული განჩინება: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ივლისის განჩინება”. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული უსწორობა უნდა გასწორებულიყო, ხოლო, დანარჩენ ნაწილში, მ. მ-ს განცხადების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის განჩინება შედგენილი იყო საპროცესო კანონმდებლობის დაცვით, ხოლო განჩინებაში საქმის ნომრის მიუთითებლობა არ წარმოადგენდა უსწორობას, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში არ არსებობდა განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება მ. მ-ის განცხადებას განჩინებაში მითითებული დასკვნების არასწორად მიჩნევის, განმარტებისა და დამტებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ - სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლზე დაყრდნობით განმარტა, რომ უსწორობათა გასწორების საკითხი ნიშნავს განჩინებასა თუ გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებას, რაც გამორიცხავს არსებით საკითხებზე სასამართლოს მსჯელობის უკანონოდ და უსწოროდ მიჩნევის კუთხით მის გასწორებას. შესაბამისად, განცხადება აღნიშნულ ნაწილშიც მიიჩნია უსაფუძვლოდ და არ დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. მ-მ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მის განცხადებაში დასმული მოთხოვნები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. კანონის აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დასაშვებია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, რომლებიც შეესაბამება და არსებითად არ ცვლის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს.

საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი მ. მ-ე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსადმი თავისი 2014 წლის 24 სექტემბრის განცხადებით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2014 წლის 16 სექტემბრის განჩინებაში მითითებულ დავის საგანში, სასამართლოს დასკვნაში და დადგენილად მიჩნეულ გარემოებებში განმცხადებლის მოთხოვნის შინაარსის გასწორებას, კერძოდ, აღნიშვნას, რომ იგი ითხოვდა 1992 წლის #2-1345 ხელშეკრულების ბათილად ცნობას არა მისი დადების მომენტიდან, არამედ 2006 წლის 30 მარტიდან (იხ. ტ. II, ს.ფ. 113). ამავე დროს, მ. მ-ე სააპელაციო სასამართლოსგან ითხოვდა განმარტებას და დასაბუთებას, არის თუ არა 30.03.06 წლიდან 1992 წლის #2-1345 პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე მისი მოთხოვნა სამოქალაქო წესით განხილვადი და აღნიშნულზე ახალი დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას (იხ. ტ. II, ს.ფ. 113).

ამრიგად, განცხადების ავტორი ფაქტობრივად სააპელაციო სასამართლოსგან ითხოვდა იმ კერძო საჩივრის განხილვას, რომელიც სასამართლომ 2014 წლის 16 სექტემბრის განჩინებით დაუშვებლად ცნო, რადგან დავის საგნის შინაარსის განსაზღვრა, მოთხოვნილი განმარტების გაკეთება და განსჯადობის საკითხზე გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ივლისის განჩინებაზე მხარის მიერ შეტანილ კერძო საჩივარს განსახილველად დაუშვებდა.

შესაბამისად, მ. მ-ის მოთხოვნები დავის საგნის შინაარსის განსაზღვრის, პრივატიზაციის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განმარტების გაკეთებისა და განსჯადობაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ არ არის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული შესაძლო უსწორობების გასწორების საგანი. ისინი არ წარმოადგენს, აგრეთვე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე და 262-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს გადაწყვეტილების განმარტებისა და დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ ნაწილში მართებულად არ დააკმაყოფილა განცხადება.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ამჟამადაც, მის წინაშე განსახილველად მყოფი კერძო საჩივრით მხარე მსჯელობს არა უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების კანონიერებაზე, არამედ იმ განჩინების კანონიერებაზე, რომლითაც მისი 2014 წლის 1 სექტემბრის კერძო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და ითხოვს მის გაუქმებას. უფრო მეტიც, ავტორი მსჯელობს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ივლისის განჩინების კანონიერებაზეც და ითხოვს მის გაუქმებას. ამავე დროს, კერძო საჩივრის ავტორი პრეტენზიას გამოთქვამს, რომ სააპელაციო სასამართლომ უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებით არ იმსჯელა, განმარტება არ გააკეთა და არ მიიღო ახალი დამატებითი გადაწყვეტილება ზემოაღნიშნულ 2014 წლის 30 ივლისის განჩინებასა და კერძო საჩივარში მოცემულ საკითხებზე, რაც, როგორც უკვე აღინიშნა, არ არის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინების გაუქმების საფუძველი, რადგან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და იგი არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ განჩინების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის სრულყოფილ დასაბუთებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

თ. თოდრია