Facebook Twitter

საქმე №ას-1156-1102-2014 4 დეკემბერი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. მ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. მ-ის მიმართ სესხის დაუფარავი ნაწილის – 9000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 15600 ლარის ანაზღაურების შესახებ.

მოსარჩელის მითითებით, 2013 წლის 26 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 12300 აშშ დოლარზე 2013 წლის 10 დეკემბრამდე, რომლის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის სახელზე რიცხული ქ.ქუთაისში, ბ. მე-6 შ-ის №8-ში მდებარე უძრავი ნივთი. მოპასუხემ ნასესხები თანხიდან დააბრუნა მხოლოდ 3000 აშშ დოლარი და, არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, დარჩენილი სესხი არ დაუფარავს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სესხი მას არ მიუღია, არამედ სადავო თანხა გადაეცა მ. ა-ს სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 9000 აშშ დოლარის ანაზღაურება, რაც გ. მ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. მ-მ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის აღდგენა, რადგან ხარვეზის გამოსასწორებელი ვადის გაგრძელების თაობაზე სასამართლო განჩინება მხარეს პირადად არ ჩაბარებია და იგი ინფორმირებული არ იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი კერძო საჩივრის დასაშვებობა და მიაჩნია, რომ გ. მ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლოს კერძო საჩივრით მიმართა გ. მ-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მხარეს დაევალა, 4 დღის ვადაში დაზუსტებული კერძო საჩივრის განაცხადისა და სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 10 ნოემბრის განჩინების შესახებ სასამართლო შეტყობინება ჩაბარდა გ.მ-ის წარმომადგენელ ნ. ჩ-ს 2014 წლის 11 ნოემბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით. წარმომადგენლის უფლებამოსილება დადასტურებულია საქმის მასალებში (ს.ფ. 51) არსებული რწმუნებულებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.

ამდენად, სასამართლო შეტყობინების წარმომადგენლისათვის ჩაბარება აღნიშნული საპროცესო დოკუმენტის თავად მხარის მიერ მიღებას უთანაბრდება. შესაბამისად, მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა, ხარვეზი შეევსო 4 დღის განმავლობაში, რომლის ათვლა დაიწყო 2014 წლის 12 ნოემბრიდან და ამოიწურა 17 ნოემბერს (15-16 ნოემბერი იყო არასამუშაო დღეები, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საპროცესო ვადის ბოლო დღედ უნდა ჩაითვალოს შემდეგი სამუშაო დღე).

აღნიშნულის მიუხედავად, კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

მითითებული ნორმის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს მოცემული ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარეობს, რომ გ. მ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ ნორმაში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. მ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ზ. ძლიერიშვილი