Facebook Twitter

საქმე №ას-1166-1111-2014 9 დეკემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ნ-გ“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „W. S-E” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო

საქმეთა პალატის 2014 წლის 12 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „W. S-E-მა” სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ნ-გ“-ს მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით შპს „W S-E-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ნ-გ-ს“ შპს „W. S-E-ის” სასარგებლოდ 10 454.59 ლარის გადახდა დაეკისრა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ნ-გ“-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 სექტემბრის განჩინებით შპს „ნ-გ“-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ივლისის განჩინებით აპელანტს, სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად (178,19 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად) განესაზღვრა 07 დღის ვადა განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან.

აღნიშნული განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2014 წლის 22 ივლისს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

განსახილველ შემთხვევაში პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტისთვის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 23 ივლისს და ამოიწურა 2014 წლის 29 ივლისს. დადგენილია ასევე, რომ შპს „ნ-გ“-ს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით სასამართლოსთვის არ მიუმართავს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ნ-გ“-ს წარმომადგენელმა დ. ც-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან სააპელაციო სასამართლოს მიერ 2014 წლის 02 ივლისის განჩნებით დადგენილი ხარვეზი შეავსო და სრულად გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი განჩინებაში მითითებულ ვადაში, თუმცა სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი, ვინაიდან სატელეფონო საუბარში, რომლითაც მას ეცნობა ხარვეზის დადგენის თაობაზე, არ იყო მითითება იმის შესახებ, რომ მას უნდა წარედგინა ბაჟის გადახდის ქვითარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ამრიგად, კერძო საჩვრის ავტორის აზრით, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ნ-გ“-ს წარმომადგენლის, დ. ც-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე დასაშვებობის სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

გასაჩივრებული განჩინებით შპს „ნ-გ“-ს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო აპელანტის მიერ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას აღნიშნული მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 02 ივლისის განჩინებით აპელანტ შპს „ნ-გ“-ს სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 178,19 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის განჩინების ასლის გადაცემიდან 07 დღის ვადაში (იხ. ს.ფ. 182-183).

დადგენილია ასევე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე 2014 წლის 02 ივლისს ტელეფონით დაუკავშირდა დ. ც-ს და განუმარტა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების შინაარსი (იხ. ს.ფ. 185). სააპელაციო სასამართლომ დ. ც-ე ხარვეზის განჩინების ჩაბარება მიიჩნია შპს „ნ-გ“-სთვის ჩაბარებად და ხარვეზის შესავსებად დაწესებული 07 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო სწორედ აღნიშნული თარიღიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი.

ამრიგად, სასამართლოს ევალება საჩივრის (სარჩელის) დასაშვებობის შემოწმებისას ზედმიწევნით ყურადღებით შეამოწმოს წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლები და საპროცესო მოქმედების შესრულება დაავალოს იმ პირს, რომლის მიმართაც კანონის შესაბამისად გაცემულია მინდობილობა.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დ. ც-ის მიმართ (რომელიც ხელს აწერს 2014 წლის 25 ივნისს წარდგენილ სააპელაციო საჩივარს) შპს „ნ-გ“-ს დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობა საქმეში არ მოიპოვება. დ. ც-ი არ წარმოადგენს არც კომპანიის დირექტორს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის დროისთვის კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ კომპანიის დირექტორი გ. ც-ი და გ-ა ც-ი (იხ. ს.ფ. 82).

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.

მოცემული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 02 ივლისის განჩინება სატელეფონო შეტყობინების საშუალებით ჩაბარდა დ. ც-ს, რომელიც იმ დროისთვის არ იყო შპს „ნ-გ“-ს წარმომადგენელი, აღნიშნული ვერ ჩაითვლება აპელანტისთვის ჩაბარებად. ამავე დროს, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის განჩინება აპელანტს (შპს „ნ-გ“-ს) გაუგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე (თბილისი, კ. პ. ჩ-ი #49ა) 2014 წლის 07 ივლისს (იხ. ს.ფ. 189), თუმცა საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი მხარისათვის აღნიშნული განჩინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა, მხარის მიერ აღმოფხვრილია 2014 წლის 28 ივლისს. აღნიშნული დასტურდება კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით (იხ. ს.ფ. 191).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

შპს „ნ-გ“-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 სექტემბრის განჩინება და საქმე შპს „ნ-გ“-ს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

თ. თოდრია