საქმე №ას-1174-1119-2014 10 დეკემბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. შ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. მ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ლ. შ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. მ-ის მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ლ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. შ-ის წარმომადგენელმა ნ. ქ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ლ. შ-ის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული სატელეფონო აქტითა (იხ. ტ. 2. ს.ფ. 6) და ხელწერილით (იხ. ტ. 2, ს.ფ. 7) დადასტურებულად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 05 აგვისტოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ ჩაბარდა ლ. შ-ის წარმომადგენელს ნ. ქ-ას 2014 წლის 07 ოქტომბერს. შესაბამისად, ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 08 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2014 წლის 17 ოქტომბერს. ამდენად, ხარვეზის შევსების უფლებამოსილება აპელანტს გააჩნდა 2014 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით. ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით კი მან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა 2014 წლის 20 ოქტომბერს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 80), სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 დღიანი საპროცესო ვადის გასვლის შემდგომ, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ. შ-მ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაში მითითებულია, რომ ხარვეზის განჩინება მას ჩაბარდა 2014 წლის 07 ოქტომბერს, მაშინ როდესაც განჩინება ჩაიბარა 2014 წლის 08 ოქტომბერს. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული მე-10 დღე იყო 18 ოქტომბერი, შაბათი. ამდენად, ხარვეზის შევსება მოხდა ორშაბათს, 20 ოქტომბერს, დადგენილ ვადაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. შ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მას ჩაბარდა 2014 წლის 08 ოქტომბერს და არა 07 ოქტომბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 05 აგვისტოს განჩინებით აპელანტ ლ. შ-ს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის 528.8 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღებოდა და დარჩებოდა განუხილველი (იხ. ტ. II. ს.ფ. 2-4). დადგენილია ასევე, რომ აღნიშნული განჩნება სატელეფონო შეტყობინების საშუალებით ჩაიბარა ლ. შ-ის წარმომადგენელმა ნ. ქ-ამ 2014 წლის 07 ოქტომბერს (იხ. ტ. II. ს.ფ. 6). საქმეში ასევე მოიპოვება ნ. ქ-ას მიერ 2014 წლის 07 ოქტომბერს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების პირადად ჩაბარების დამადასტურებელი ხელწერილი (იხ. ტ. II. ს.ფ. 7).
საქმის მასალებით დგინდება, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანისა და ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარების დროისთვის ნ. ქ-ა იყო ლ. შ-ის წარმომადგენელი 2013 წლის 17 ოქტომბერს გაცემული მინდობილობის საფუძველზე (იხ. ტ. I. ს.ფ. 87).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. მოცემულ შემთხვევაში, განჩნება ჩაბარდა წარმომადგენელს, რაც, აღნიშნული მუხლის საფუძველზე, მხარისთვის ჩაბარებად ითვლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 05 აგვისტოს განჩინება (ხარვეზის დადგენის შესახებ) ჩაბარდა ლ. შ-ის წარმომადგენელს, ნ. ქ-ას 2014 წლის 07 ოქტომბერს, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, სამოქალაქო საპროცესო კოდექის 70-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული განჩინება ლ. შ-ისთვის ჩაბარებულად. შესაბამისად, ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 08 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2014 წლის 17 ოქტომბერს. ხოლო ლ. შ-მ განჩინებით დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე სასამართლოში წარადგინა 2014 წლის 20 ოქტომბერს, ანუ ხარვეზის შევსების ვადის გასვლის შემდეგ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად, შესაბამისად, კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ლ. შ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
თ. თოდრია