Facebook Twitter

საქმე №ას-1182-1124-2014 26 დეკემბერი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. კ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. თ-ა, მ. ხ-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 მარტის კანონიერ ძალაში შესრული განჩინებით ნ. კ-ას სააპელაციო საჩივარი სამოქალაქო საქმეზე – ნ. კ-ას სარჩელის გამო დ. თ-ასა და მ. ხ-ას მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ დარჩა განუხილველად, რადგან აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა.

ნ. კ-ამ განცხადებით მიმართა სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახილების შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ნ.კ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაზეც ნ. კ-ას სახელით კერძო საჩივარი შეიტანა მ. ტ-მა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი კერძო საჩივრის დასაშვებობა და მიაჩნია, რომ ნ. კ-ას კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ნ. კ-ას კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და ნ. კ-ას წარმომადგენლად მითითებულ მ. ტ-ს დაევალა, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა კერძო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების დამადასტურებელი რწმუნებულება. ამასთან, მხარეს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში მისი კერძო საჩივარი არ მიიღება წარმოებაში და განუხილველად დარჩება.

საქმის მასალებში წარმოდგენილი გზავნილებით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 24 ნოემბრის განჩინება ნ. კ-ას ორჯერ უშედეგოდ გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ ორივე მისამართზე – ქ.ზუგდიდი, ბ-ას (ყოფილი გ-ის) ქუჩა №121 და ქ.თბილისი, ნ.ს-ის 15 (იხ. სააპელაციო საჩივარი, ს.ფ. 162). აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებში არსებული ნ. კ-ას პირადომის მოწმობის თანახმად (ს.ფ. 235) ნ. კ-ა რეგისტრირებულია სწორედ ქ.ზუგდიდში, ბ-ას ქ.№121-ში.

შპს „სკს-ს“ გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ქ.ზუგდიდში, ბ-ას ქ.№121-ში ნ. კ-ა აღარ ცხოვრობს, ხოლო მეზობლებისა და ნათესავების განმარტებით, სახლი გაყიდულია და ნ. კ-ა ცხოვრობს ქ.თბილისში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს კურიერის მიერ 2014 წლის 9 დეკემბერს შედგენილი აქტის თანახმად კი, ქ.თბილისში, ნ.ს-ის ქ.№15-ში მცხროვრები ა. ა-ის მითითებით, აღნიშნულ მისამართზე ნ. კ-ა არ ცხოვრობს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

ზემოაღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ადასტურებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მხარის მიერ სასამართლოსათვის საკუთარი ძირითადი და, ასეთის არსებობისას, ალტერნატიული მისამართის ზედმიწევნით სწორად მითითება. სასამართლო კონკრეტული საპროცესო მოქმედების შესახებ შეტყობინებას მხარეს გაუგზავნის ამ მხარის მიერ მითითებულ ძირითად ან რომელიმე სხვა მისამართზე, საკუთარი შეხედულებისამებრ. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო უფლებამოსილი პირის – კურიერის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაადგენს, რომ მხარე მის მიერ დასახელებულ მისამართზე არ იმყოფება, იგი ჩათვლის, რომ მხარეს სასამართლო უწყება თუ გზავნილი ჩაბარდა იმ მომენტიდან, როდესაც მხარეს მის მიერ მითითებულ ძირითად ან ალტერნატიულ მისამართზე განმეორებით გაუგზავნის საპროცესო დოკუმენტებს და შესაბამისი კურიერი დააფიქსირებს, რომ ადრესატი კონკრეტულ მისამართზე (იმ მისამართზე, რომელზეც მას პირველად გაეგზავნა ან განმეორებით ალტერნატიულ მისამართზე) არც ამჯერად არ ცხოვრობს.

ამავდროულად, საყურადღებოა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის დანაწესი, კერძოდ, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ ნ. კ-ა არ ცხოვრობს მის მიერ სასამართლოსათვის მითითებულ არც ერთ მისამართზე. მხარეს სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ მის მიერვე დასახელებულ მისამართებზე ორჯერ გაეგზავნა და ორჯერვე დაფიქსირდა, რომ ადრესატი აღნიშნულ მისამართებზე აღარ იმყოფებოდა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ხარვეზის არსებობის შესახებ ეცნობა წარმოდგენილ კერძო საჩივარზე ხელმომწერ პირს – მ. ტ-საც.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 24 ნოემბრის განჩინება ნ. კ-სათვის ხარვეზის განსაზღვრის თაობაზე მხარეს ჩაბარდა 2014 წლის 9 დეკემბერს, როდესაც სასამართლო კურიერმა განმეორებით დააფიქსირა ადრესატის შესაბამის მისამართზე არყოფნის ფაქტი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

ამდენად, კერძო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული 3-დღიანი ვადა ამოიწურა 2014 წლის 12 დეკემბერს.

საკასაციო პალატის მიერ დადგენილ ვადაში ისევე, როგორც მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, ნ. კ-ას ხარვეზის გამოსწორების მიზნით ან რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლისა და 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, არსებობს წარმოდგენილი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

მითითებული ნორმების მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საკასაციო საჩივართან მიმართებით კი კანონმდებელი ითვალისწინებს შემთხვევას, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ ნორმაში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად, შესაბამისად, მხარეს სრული შესაძლებლობა ჰქონდა, შეესრულებინა სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედებანი, რაც მან არ შეასრულა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. კ-ას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ზ. ძლიერიშვილი