Facebook Twitter

საქმე №ას-1184-1126-2014 5 დეკემბერი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ე-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – სს სადაზღვევო კომპანია „ჯ. ჰ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 აგვისტოს განჩინებით სს სადაზღვევო კომპანია „ჯ. ჰ-ის“ განცხადება მუდმივმოქმედი არბიტრაჟის – შპს „დავების განმხილველი ცენტრის“ 2013 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მხარის მოთხოვნით ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი.

სს სადაზღვევო კომპანია „ჯ. ჰ-მა“ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა და დადგინდა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ე-მა“ შეიტანა კერძო საჩივარი. მხარის განმარტებით, შპს „ე-ს“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 ოქტომბრის განჩინება არ ჩაბარებია. მისთვის სააღსრულებო ფურცლის არსებობის შესახებ ცნობილი გახდა 2014 წლის 7 ნოემბერს, ხოლო საზოგადოების ანგარიშებს ყადაღა დაედო 30 ოქტომბერს. ამასთან, მხარემ მიუთითა, რომ არც 2013 წლის 7 ივნისის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მას არ გადასცემია, შესაბამისად, მისთვის არ არის ცნობილი, როდის და რა მიზეზით მოხდა აღსრულების მიღება.

კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა დაკისრებული ფულადი გადახდისა და ჯარიმების შეჩერების შესახებ განცხადების მიღება და საარბიტრაჟო სარჩელის გაუქმება.

მხარის განმარტებით, სს სადაზღვევო კომპანია „ჯ. ჰ-მა“ არასწორად წარადგინა სარჩელი და მიუთითა, რომ შპს „ე-მა“ არასწორად გამოიყენა სადაზღვევო კომპანიის გაცემული №გ12000828 გარანტია. სპა120002802 ტენდერში შპს „ე-ს“ მონაწილეობა არ მიუღია, ამდენად, იგი ვერ გამოიყენებდა სს სადაზღვევო კომპანია „ჯ. ჰ-ის“ მიერ გაცემულ საგარანტიო ტიტულს და იგი გამოიყენა სხვა პირმა.

შპს „ე-მა“ მოითხოვა სასაზღვრო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ელექტრონული ტენდერის მასალების გამოთხოვა, სადაც შპს „ე-ი“ საერთოდ არ ფიქსირდება.

მხარემ ასევე მოითხოვა „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო ანგარიშზე დადებული ყადაღის შეჩერება, რომლის თაობაზეც შპს „ე-სათვის“ არ უცნობებით. აღნიშნული ყადაღის გამოყენება გამოიწვევს საწარმოს დახურვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი კერძო საჩივრის დასაშვებობა და მიაჩნია, რომ შპს „ე-ის“ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლოს კერძო საჩივრით მიმართა შპს „ე-მა“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მხარეს დაევალა, 4 დღის ვადაში დაზუსტებული კერძო საჩივრის განაცხადისა და სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 24 ნოემბრის განჩინება კასატორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით და საქმეში წარმოდგენილ გზავნილზე შპს „ე-ის“ დირექტორ რ.ს-ის მიერ შესრულებული ხელმოწერით დასტურდება, რომ აღნიშნული საპროცესო დოკუმენტი ადრესატს პირდად ჩაბარდა 2014 წლის 27 ნოემბერს.

ამდენად, მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა, ხარვეზი შეევსო 4 დღის განმავლობაში, რომლის ათვლა დაიწყო 2014 წლის 28 ნოემბრიდან და ამოიწურა 1 დეკემბერს.

აღნიშნულის მიუხედავად, კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია.

2014 წლის 2 დეკემბერს, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რ.ს-მ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და განმარტა, რომ 2014 წლის 1 დეკემბერს იგი იმყოფებოდა ნევროლოგიის კვლევითი ინსტიტუტის საავადმყოფოში, რის გამოც დროულად ვერ გამოასწორა ხარვეზი. განცხადებაზე თანდართული სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით ირკვევა, რომ კასატორმა სახელმწიფო ბაჟი დროულად – 2014 წლის 28 ნოემბერს გადაიხადა, თუმცა სასამართლოში აღნიშნული დოკუმენტი წარადგინა 1 დღის დაგვიანებით.

განმცხადებელმა მოითხოვა წარმოდგენილი კერძო საჩივრის წარმოებაში მიღება.

საკასაციო სასამართლო კასატორის ზემოაღნიშნულ მოთხოვნას ვერ გაიზიარებს, რადგან მხარეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დაცვით არ წარმოუდგენია იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლებზეც თავის მოთხოვნას ამყარებს, კერძოდ, შუამდგომლობას არ ერთვის ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული წესით შედგენილი სამედიცინო ცნობა, რომ რ. ს-ს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ობიექტურად არ შეეძლო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსასწორებლად საკასაციო სასამართლოში გამოცხადება.

ამავდროულად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ხარვეზს წარმოადგენდა არა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, არამედ კერძო საჩივრის განაცხადის წარდგენა. მითითებულ ნაწილში მხარეს ხარვეზი საერთოდ არ გამოუსწორებია და არც საპროცესო ვადის გაგრძელება მოუთხოვია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ამდენად, შპს „ე-ის“ კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების სამართლებრივი წანამძღვრები არ არსებობს და მხარის მოთხოვნა აღნიშნულის შესახებ დაუსაბუთებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

მითითებული ნორმის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს მოცემული ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარეობს, რომ შპს „ე-ის“ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ ნორმაში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.

ამასთან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ე-ს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 28 ნოემბერს №1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ე-ის“ დირექტორ რ. ს-ის მოთხოვნა ხარვეზის გამოსწორებულად ჩათვლისა და კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. შპს „ე-ის“ კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

3. შპს „ე-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 28 ნოემბერს №1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ზ. ძლიერიშვილი