Facebook Twitter

საქმე №ას-1185-1127-2014 17 დეკემბერი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ქ. ა-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ა-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაუქმება პროცენტის გადახდის ნაწილში

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ქ. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ა-ის მიმართ და მოითხოვა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაუქმება პროცენტის გადახდის ნაწილში.

მოპასუხე ნ. ა-მა სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით ქ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ა-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ქ. ა-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ა-ს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი ეცნობა სსს კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (ს.ფ. 164). დადგენილია ასევე, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება აპელანტის წარმომადგენელმა - ნ. ს-მა ჩაიბარა ხელზე 2014 წლის 22 სექტემბერს (ს.ფ. 177).

სააპელაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ქეთი ავაზაშვილი ვალდებული იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი. იმის გათვალისწინებით, რომ მხარის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარება არ განხორციელდა კანონით დადგენილ ვადაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 14 სექტემბერს და ამოიწურა 2014 წლის 29 სექტემბერს, ხოლო მან სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2014 წლის 06 ოქტომბერს, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ (178-186). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ქ. ა-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას არ დასწრებია. ვინაიდან სასამართლოს მზად არ ჰქონდა დასაბუთებული გადაწყვეტილება, შესაბამისად, ვერ ჩაიბარა იგი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღეში. ხოლო როგორც კი შეიტყო, იგი ჩაიბარა წარმომადგენელმა 2014 წლის 22 სექტემბერს, შეტყობინებიდან მე-2 დღესვე და ჩაბარებიდან 14 დღეში გაასაჩივრა. საჩივრის ავტორის განმარტებით, ვინაიდან საქალაქო სასამართლომ მას კანონით დადგენილ ვადაში არ ჩააბარა დასაბუთებული გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრების ვადა არ უნდა აეთვალა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 14 სექტემბერს და ვადის ამოწურვის დღედ არ უნდა ჩაეთვალა 2014 წლის 29 სექტემბერი. სასამართლოს გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაეწყო 2014 წლის 22 სექტემბრის მომდევნო დღიდან - 23 სექტემბრიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული მუხლი, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ქ. ა-მა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან (2014 წლის 15 აგვისტოდან) არაუადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას, რომ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ ჰქონდა, საკასაციო სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს. მით უმეტეს, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ქ. ა-მა ან მისმა წარმომადგენელმა მიმართეს სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მოთხოვნით. საქმეში არსებული ხელწერილით უდავოდ დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსარჩელის წარმომადგენელს, ნ. ს-ს ჩაბარდა 2014 წლის 22 სექტემბერს (იხ. ს.ფ. 177).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლისას მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 30-ე დღის მეორე დღიდან ვადის ათვლის შემთხვევაშიც საჩივრის ავტორს გაშვებული აქვს ვადა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ქ. ა-ის სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქ. ა-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ქ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

თ. თოდრია