საქმე №ას-1195-1137-2014 22 დეკემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს „თ. ბ-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ლ-ე, შპს „ს-ო“, რ. ს-ი, ლ. ა-ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა, თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სს „თ. ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ლ-ის, შპს „ს-ს“, რ. ს-ისა და ლ. ა-ის მიმართ უფლებამონაცვლედ ცნობის, თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით სს „თ. ბ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „თ. ბ-მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით სს „თ. ბ-ის“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი სს „თ. ბ-ის“ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტი სს „თ. ბ-ი“, რომლისთვისაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, ცნობილი იყო 2014 წლის 21 ოქტომბერს 13:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე, არ გამოცხადდა. მას სასამართლოსთვის არც რაიმე სახის განცხადება წარმოუდგენია პროცესზე გამოუცხადებლობის მიზეზებთან დაკავშრებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სს „თ. ბ-მა“ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ იგი სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით, კერძოდ, მისი წარმომადგენელი, პ. კ-ე ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, მოწმის სახით გამოძახებული იყო და იკითხებოდა ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს III განყოფილებაში ზუსტად იმ დროს, როდესაც ჩანიშნული იყო სს „თ. ბ-ის“ სააპელაციო საჩივრის განხილვა; ხოლო იმ ემოციური ფონის გათვალისწინებით, რაც აღნიშნულს მოჰყვა, პ. კ-მ ვერ შეძლო სასამართლოსთვის ეცნობებინა პროცესზე გამოუცხადებლობის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „თ. ბ-ი“-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს აპელანტის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება. ამ თვალსაზრისით, საქმის მასალებით დადასტურებულია და მხარე სადავოდ არ ხდის შემდეგ გარემოებებს:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 02 სექტემბრის განჩინებით 2014 წლის 21 ოქტომბერს, 13:00 საათზე დაინიშნა სასამართლო სხდომა (იხ. ტ. II. ს.ფ. 33-34), რის თაობაზეც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ეცნობათ მხარეებს.
აპელანტ სს „თ. ბ-სთვის“ გაგზავნილი უწყება 2014 წლის 04 სექტემბერს ჩაბარდა ორგანიზაციის კანცელარიის მენეჯერს (იხ. ტ. II., ს.ფ. 42).
2014 წლის 21 ოქტომბერს, 13:00 საათზე სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, ხოლო აპელანტის გამოუცხადებლობის თაობაზე სასამართლოს რაიმე ინფორმაცია არ გადასცემია (იხ. ტ. II. ს.ფ. 48-51).
გამოცხადებულმა მხარემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რაც გასაჩივრებული განჩინებით დაკმაყოფილდა.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ მოცემულ საქმეზე მისი წარმომადგენელი პ. კ-ე სასამართლო სხდომის დღეს ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, მოწმის სახით გამოძახებული იყო და იკითხებოდა ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს III განყოფილებაში და მან ვერ შეძლო სასამართლოსთვის ეცნობებინა პროცესზე გამოუცხადებლობის თაობაზე.
კერძო საჩივრის ავტორის ამ არგუმენტის შეფასების მიზნით საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს:
სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის.
ამრიგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება) უნდა გაუქმდეს, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის საფუძველი გახდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას.
მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორი არის იურიდიული პირი - სს „თ. ბ-ი“, რომლის ინტერესებს სასამართლოში იცავს ორგანიზაციის თანამშრომელი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებშიც კი, თუ აღნიშნული თანამშრომლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ობიექტური (საპატიო) მიზეზებით, აღნიშნული თავისთავად არ გამორიცხავდა სს „თ. ბ-ის“ მიერ საკუთარი უფლებების სხვა თანამშრომლის/უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით დაცვის შესაძლებლობას. ამავე დროს, საქმის მასალებით და კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით არ დასტურდება, რომ სს „თ. ბ-ის“ თანამშრომლის მოწმის სახით პოლიციაში დაბარებამ მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელი გახადა სს „თ. ბ-ის“ პროცესზე გამოცხადება ან, უკიდურეს შემთხვევაში, გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინების დროულად მიწოდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად, აპელანტ სს „თ. ბ-ის“ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო. შესაბამისად, კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
სს „თ. ბ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი; საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
თ. თოდრია