საქმე №ას-1200-1142-2014 29 დეკემბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ხ.-ჯ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ბ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ხ.-ჯ-ის მიმართ ფულადი ვალდებულების – 5000 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეს ასესხა 5000 აშშ დოლარი. 2013 წლის 15 იანვარს ნ. ხ.-ჯ-მა სანოტარო ფორმის დაცვით გააფორმა ვალის აღიარება და ვალდებულება იკისრა, მ. ბ-სათვის თანხა 2014 წლის 15 იანვრამდე დაებრუნებინა, თუმცა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიმართ ფულადი დავალიანება არ გააჩნია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 აშშ დოლარის ანაზღაურება, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინებით აპელანტ ნ. ხ.-ჯ-ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 14 დღეში სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის – 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება აპელანტს ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით 2014 წლის 29 სექტემბერს.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილით და მიიჩნია, რომ ხარვეზის შევსების 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 30 სექტემბრიდან და ამოიწურა 2014 წლის 13 ოქტომბერს, თუმცა აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლების, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ნ. ხ.-ჯ-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. ხ.-ჯ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
მხარემ განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენისას აპელანტმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ იმ დროისათვის მის ოჯახში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომაროების გამო, რაც შეუძლებელს ხდიდა საქმის მიმდინარეობისას თანხის გადახდას.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლო ხარჯებისაგან მხარის გათავისუფლებას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლი. სასამართლო უნდა გაეთვალისწინებინა მხარის მითითება, რომ მას არანაირი ქონება არ გააჩნდა, მ. ბ-მ აღიარებინა მას არარსებული ვალი და შეუქმნა უამრავი პრობლემა.
მხარემ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების მიღება არ უნდა მოხდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ხ.-ჯ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე აპელანტ ნ. ხ.-ჯ-ს დაუდგინა ხარვეზი და დაავალა 14 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. ამავე კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე კი, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მხარის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.
ასევე დადგენილია და მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ ნ. ხ.-ჯ-ს 2014 წლის 29 სექტემბერს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ხარვეზის გამოსწორებისათვის მიცემული ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღიდან – 2014 წლის 30 სექტემბრიდან და ამოიწურა 2014 წლის 13 ოქტომბერს, თუმცა აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება ცალსახად წარმოადგენდა ნ. ხ.-ჯ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული არგუმენტის დასასაბუთებლად მხარემ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. შესაბამისად, აღნიშნული ნორმა შეეხება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მხარის გათავისუფლებას, ხოლო ნ.ხ.-ჯ-ი მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, რომელიც გათვალისწინებულია ამავე კოდექსის 48-ე მუხლით, კერძოდ, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
ხსენებული ნორმების ანალიზი მეტყველებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გაათავისუფლოს ან მისი გადახდა გადაუვადოს მხარეს, რომელიც დაარწმუნებს მას, საკუთარი მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასეთის გადახდის ობიექტურ შეუძლებლობაში, რაც დადასტურდება სათანადო მტკიცებულებების წარდგენით. ასეთი მტკიცებულებები აპელანტს სააპელაციო სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
მოცემულ შემთხვევაში ნ. ხ.-ჯ-მა თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარადგინა, შესაბამისად, აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე უარი მართებულად ეთქვა.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სააპელაციო პალატის მიერ მხარისათვის ხარვეზის დადგენისა და აღნიშნულის თაოაბზე განჩინების აპელანტისათვის ჩაბარების შემდეგ ნ. ხ.-ჯ-ს სასამართლოსათვის საერთოდ აღარ მიუმართავს და თავისი პოზიციის დასაბუთება რაიმე სხვა გზით არ უცდია, რაც კიდევ უფრო ამყარებს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას.
რაც შეეხება კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების მიღება არ უნდა მოხდეს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ. ხ.-ჯ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მოტივით. მხარის საპროცესო მოვალეობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის აუცილებლობის თაობაზე კი დადგენილია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, რაც სასამართლოსათვის სავალდებულოდ გასათვალისწინებელ წესს წარმოადგენს. შესაბამისად, მხარის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მხარის კანონიერი უფლებების ხელყოფად ვერ შეფასდება. მით უფრო, როდესაც კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოსაგან დამოუკიდებელი მიზეზით არ განახორციელა თავისი საპროცესო უფლება, ხარვეზის დადგენის შემდეგ შუამდგომლობით მიემართა სააპელაციო პალატისათვის, მოეთხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება და რაიმე მტკიცებულების წარდგენის გზით დაესაბუთებინა საკუთარი მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო ნ. ხ.-ჯ-ის კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ხ.-ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: თ. თოდრია
ნ. ბაქაქური