საქმე №ას-1209-1151-2014 26 დეკემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი. გ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. თბილისის მერია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ქ. თბილისის მერიამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. გ-ის მიმართ და მოითხოვა საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრება.
მოპასუხე ნ. ა-მა სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ივლისის განჩინებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2014 წლის 7 მაისს დანიშნულ მთავარ სხდომას ესწრებოდა ი. გ-ი (ს.ფ. 143). შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე და 369-ე მუხლების თანახმად, განსახილველ შემთხვევაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 8 მაისიდან (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან) და ამოიწურა 2014 წლის 06 ივნისს, შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 6 ივნისიდან და ამოიწურა 2014 წლის 19 ივნისს. სააპელაციო საჩივარი კი ი. გ-ის მიერ წარდგენილია 2014 წლის 25 ივნისს, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ (ს.ფ. 156).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. გ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესებს ესწრებოდა წარმომადგენლის გარეშე, შესაბამისად, მისთვის უცნობი იყო, თუ საიდან უნდა აეთვალა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა, ხოლო 2014 წლის 11 ივნისს, როდესაც ჩაბარდა გადაწყვეტილების სრული ტექსტი, სამოქალაქო საპროცესო კოდექის 369-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში 14 დღის ვადაში, ანუ 2014 წლის 25 ივნისს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების ვადად მიეჩნია 2014 წლის 11 ივნისი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული მუხლი, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ იგი ესწრებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ. ს.ფ. 143), თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან (2014 წლის 7 მაისი) არაუადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს. მან საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით მიმართა 2014 წლის 11 ივნისს (იხ. ს. ფ. 155), ანუ სასამართლოსთვის მიმართვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. საჩივრის ავტორის აპელირება მასზედ, რომ მან არ იცოდა, თუ საიდან უნდა აეთვალა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა, ვერ მიიჩნევა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლისას მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 30-ე დღის მეორე დღიდან ვადის ათვლის შემთხვევაშიც საჩივრის ავტორს გაშვებული აქვს ვადა.
სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ი. გ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ი. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი; საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
თ. თოდრია