Facebook Twitter

საქმე №ას-1224-1165-2014 29 დეკემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ღ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი. უ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს დავალდებულება საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებად მიჩნევის, ასევე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მ. ღ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ი. უ-ის“ მიმართ, შრომის კანონთა კოდექსის 206-ე მუხლის თანახმად, სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენის, 2004 წლის 10 ნოემბრიდან განაცდურის ხელფასის 4269,36 ლარის, ასევე იძულებითი გაცდენის მთელი პერიოდისათვის საშუალო ხელფასის - 6048,26 ლარის ანაზღაურების და მოსარჩელის წარმომადგენელ ავთანდილ ღრუბელაშვილის პირად ანგარიშზე დავის საგნის ღირებულების 4%-ის - 412,70 ლარის ჩარიცხვის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით მ. ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ღ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მარტის განჩინებით მ. ღ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად.

მოცემულ საქმეზე მ. ღ-ის განცხადებები და კერძო საჩივრები საქმის წარმოების განახლების თაობაზე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ნოემბრის განჩინებით მ. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ ღ-მა, მოითხოვა ამ განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს დავალდებულება საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებად მიჩნევის, ასევე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში საქმის არსებითად განხილვის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 იანვრის განჩინებით მ. ღ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა. მ. ღ-ის მიერ სასამართლოში შეტანილი ნებისმიერი სახის კორესპოდენცია (განცხადება, საჩივარი) სამოქალაქო საქმეზე - მ. ღ-ის სარჩელის გამო შპს „ი. უ-ის“ მიმართ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 206-ე მუხლის თანახმად, სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენის, 2004 წლის 10 ნოემბრიდან განაცდურის ხელფასის 4269,36 ლარის, ასევე იძულებითი გაცდენის მთელი პერიოდისათვის საშუალო ხელფასის - 6048,26 ლარის ანაზღაურებისა და მოსარჩელის წარმომადგენელ ა. ღ-ის პირად ანგარიშზე დავის საგნის ღირებულების 4%-ის - 412,70 ლარის ჩარიცხვის თაობაზე დარჩა რეაგირების გარეშე.

2014 წლის 7 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მ. ღ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მ. ღ-ის განცხადება დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მ. ღ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და იძულებითი განაცდური ხელფასის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო აღნიშნულ საქმეზე მ. ღ-ის მიერ სასამართლოში სამომავლოდ შემოტანილი ყველა განცხადება თუ საჩივარი უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას და ამ მიზნით გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილებები ზემდგომ ინსტანციაში.

მხარის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბარწილად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ერთი მხარის მიერ უფლების გადამეტება (ბოროტად გამოყენება) პირდაპირ ხელყოფს მეორე მხარის უფლებებს თუნდაც დავის გაჭიანურების თვალსაზრისით. სასამართლო ვალდებულია გონივრულ ვადაში გადაწყვიტოს დაწყებული დავა და დაუსვას მას საბოლოო წერტილი. მოცემულ შემთხვევაში კი მხარის დაუსრულებელი განცხადებებით თუ საჩივრებით ამ შედეგის მიღწევა სცილდება სასამართლოს შესაძლებლობებს, შესაბამისად, ილახება მეორე მხარის ინტერესები.

ზემოაღნიშნულის გამო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც კი (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე - იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ) დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას.

სასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა მ. ღ-მა სრულად ისარგებლა სასამართლოსთვის მიმართვის უფლებით. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ღ-მა 2005 წლის 18 მარტს სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ი. უ-ის“ მიმართ, შრომის კანონთა კოდექსის 206-ე მუხლის თანახმად, სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენის, 2004 წლის 10 ნოემბრიდან განაცდურის ხელფასის 4269,36 ლარის, ასევე იძულებითი გაცდენის მთელი პერიოდისათვის საშუალო ხელფასის - 6048,26 ლარის ანაზღაურების და მოსარჩელის წარმომადგენელ ა. ღ-ის პირად ანგარიშზე დავის საგნის ღირებულების 4%-ის - 412,70 ლარის ჩარიცხვის მოთხოვნით (იხ. ტ. I. ს.ფ. 2-6).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით (იხ. ტ. I. ს.ფ. 122-128; 263-270).

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ღ-მა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მარტის განჩინებით მ. ღ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად (იხ. ტ. I. ს.ფ. 329-333).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2006 წლიდან დღემდე მ. ღ-მა ათობით განცხადება შეიტანა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში მოცემული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. სასამართლოს მიერ სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით მისი განცხადებების განუხილველად დატოვების შემდეგ მხარემ შეიტანა არაერთი კერძო საჩივარი, რომელთა დაუკმაყოფილებლობის თაობაზე სასამართლო განჩინებებს ღ-ი კვლავ ასაჩივრებდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებების შეტანის გზით.

განსახილველ შემთხვევაში, მ. ღ-ი კერძო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 სექტემბრის განჩინების გაუქმებას, რომლითაც მისი განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე დარჩა განუხილველად. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ კერძო საჩივრის ავტორს აღნიშნულ მოთხოვნაზე უარი არაერთი განჩინებით განემარტა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ერთ-ერთი ბოლო, 2013 წლის 21 იანვრის განჩინებით კი, მ. ღ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და მის მიერ სასამართლოში შეტანილი ნებისმიერი სახის კორესპოდენცია (განცხადება, საჩივარი) სამოქალაქო საქმეზე - მ. ღ-ის სარჩელის გამო შპს „ი. უ-ის“ მიმართ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 206-ე მუხლის თანახმად, სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენის, 2004 წლის 10 ნოემბრიდან განაცდურის ხელფასის 4269,36 ლარის, ასევე იძულებითი გაცდენის მთელი პერიოდისათვის საშუალო ხელფასის - 6048,26 ლარის ანაზღაურებისა და მოსარჩელის წარმომადგენელ ა. ღ-ის პირად ანგარიშზე დავის საგნის ღირებულების 4%-ის - 412,70 ლარის ჩარიცხვის თაობაზე დარჩა რეაგირების გარეშე სწორედ იმ საფუძვლით, რომ მ. ღ-ის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი განცხადებები შინაარსობრივად ერთგვაროვანი იყო და თითოეული მათგანი წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ დავის გაგრძელებისა და საქმის სასამართლოს წარმოებაში ყოფნის გახანგრძლივების მცდელობას. აღნიშნული კი, სცილდებოდა მართლმსაჯულებისა და მით უმეტეს, სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების ფარგლებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია მ. ღ-ის იგივე შინაარსისა და სახის კერძო საჩივარი, რომელიც კვლავ მიმართულია სასამართლოს იმ მსჯელობის კრიტიკისაკენ, რაც არაერთხელ განემარტა მხარეს ამომწურავად. შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ მ. ღ-ი ბოროტად იყენებს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, რადგან მისი განცხადებები და საჩივრები მიზნად არ ისახავს მხარის კანონიერი უფლების დაცვას და ლახავს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ღ-ი აწარმოებს არა ერთ დავას სასამართლოში, სადაც ანალოგიურად მიმართავს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს საქმის წარმოების განახლების თაობაზე. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილია მ. ღ-ის მიმართ განსახილველ საქმეზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით მინიჭებული უფლების შეზღუდვა. აღნიშნული კი იმაში გამოიხატება, რომ მ. ღ-ის მიერ სასამართლოში მოცემულ დავაზე შეტანილი ნებისმიერი სახის კორესპოდენცია (განცხადება, საჩივარი) დარჩება რეაგირების გარეშე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. ღ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 სექტემბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. მ. ღ-ის მიერ სასამართლოში შეტანილი ნებისმიერი სახის კორესპოდენცია (განცხადება, საჩივარი) სამოქალაქო საქმეზე - მ. ღ-ის სარჩელის გამო შპს „ი. უ-ის“ მიმართ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 206-ე მუხლის თანახმად, სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენის, 2004 წლის 10 ნოემბრიდან განაცდურის ხელფასის 4269,36 ლარის, ასევე იძულებითი გაცდენის მთელი პერიოდისათვის საშუალო ხელფასის - 6048,26 ლარის ანაზღაურებისა და მოსარჩელის წარმომადგენელ ა. ღ-ის პირად ანგარიშზე დავის საგნის ღირებულების 4%-ის - 412,70 ლარის ჩარიცხვის თაობაზე დარჩეს რეაგირების გარეშე;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

თ. თოდრია