Facebook Twitter

საქმე №ას-1291-1229-2014 26 დეკემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ბ. ქ-ი (განმცხადებელი)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ-ე +“ (მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 03 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2014 წლის 2 დეკემბერს ბ. ქ-მა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა შპს „დ-ე +“-ის პარტნიორ ა. გ-სთვის კუთვნილი წილის გასხვისების აკრძალვა იმ მოტივით, რომ აპირებდა თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვას შპს „დ-ე +“-ის პარტნიორ ა. გ-სთვის თანხის - 35468 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 დეკემბრის განჩინებით ბ. ქ-ს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების მიღებაზე და განემარტა, რომ აღნიშნული მოთხოვნით მას უნდა მიემართა იმ სასამართლოსთვის, სადაც აპირებდა სარჩელის აღძვრას.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. ქ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

2014 წლის 23 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ბ. ქ-მა და უარი განაცხადა კერძო საჩივარზე იმ მოტოვით, რომ სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადება თავიდანვე არასწორად იყო წარდგენილი სააპელაციო სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები და მიაჩნია, რომ მოცემულ კერძო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგი საფუძვლებით:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე.

ამდენად, მოსარჩელე უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სარჩელზე. აღნიშნული წესი ვრცელდება კერძო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც და მხარეს შეუძლია, დაეთანხმოს მის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ბ. ქ-მა იშუამდგომლა საკასაციო სასამართლოს წინაშე კერძო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. ქ-ის კერძო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ბ. ქ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. №ას/1291-1229-2014 სამოქალაქო საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება ბ. ქ-ის მიერ კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური