საქმე №ას-1297-1235-2014 26 დეკემბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. თ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ჩ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ნ. თ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ჩ-ის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ზ. ჩ-ის წარმომადგენლის ნ. დ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ნ. თ-ის სააპელაციო საჩივარი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. თ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. თ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ამავე კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა კანონით დადგენილ ვადაში და ჩაბარდა 2014 წლის 13 იანვარს (იხ.ს.ფ. 120).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 14 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 27 იანვარს. კერძო საჩივარზე დართული კონვერტით დასტურდება, რომ ის საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2014 წლის 3 დეკემბერს (იხ.ს.ფ.139), რაც უტყუარად ადასტურებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. თ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს საპროცესო ვადის გაშვების გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 416-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ. თ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნ. ბაქაქური