საქმე №ას-1321-1259-2014 31 დეკემბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ს. ბ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – 2012 წლის 13 იანვრის №552 ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ს. ბ-სათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სასარგებლოდ 4771.2 ლარის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. ბ-ის მიმართ 2012 წლის 13 იანვრის №552 ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ს. ბ-სათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სასარგებლოდ 4771.2 ლარის დაკისრების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ბ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ს. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ს. ბ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ბ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ამავე კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა კანონით დადგენილ ვადაში და ჩაბარდა 2014 წლის 30 ნოემბერს (იხ.ს.ფ. 158).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 1 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 12 დეკემბერს. კერძო საჩივარზე დართული კონვერტით დასტურდება, რომ ის საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2014 წლის 16 დეკემბერს (იხ.ს.ფ.163), რაც უტყუარად ადასტურებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ს. ბ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს საპროცესო ვადის გაშვების გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 416-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს. ბ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნ. ბაქაქური