Facebook Twitter

№ას-757-725-2014 1 დეკემბერი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „….. +“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - გ. ყ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ქ-ე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - თ. ს-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ ქ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „…. +-ის“ წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ზიანის - 991,55 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „.....+ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 911,55 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივნისის განჩინებით შპს „..... +-ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს არ აღემატებოდა.

აღნიშნული განჩინება შპს „...... +-ის“ წარმომადგენელმა გ. ყ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია არა მარტო ზიანის ანაზღაურების, არამედ სახელმწიფო ბაჟისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯების დაკისრების ნაწილშიც, მათი ჯამი კი 1000 ლარს აღემატება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შპს „.... +-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, იმავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1000 ლარს აღემატება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სახელმწიფო ბაჟი და სასამართლოს გარეშე ხარჯები ასევე შედის სააპელაციო საჩივრის ღირებულებაში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის ღირებულება დავის საგნის ღირებულებით განისაზღვრება, იმ მოცულობით, რა ფარგლებშიც მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს. „დავის საგანში“, რაზეც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი მიუთითებს, იგულისხმება სარჩელის დავის საგანი და არა ამ სარჩელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასამართლო და სასამართლოს გარშე ხარჯები (ასევე იხ. სუსგ Nას-1528-1442-2012).

საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელემ მოითხოვა ზიანის - 911,55 ლარის ანაზღაურება, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ღირებულებაც ამ თანხით განისაზღვრება და იგი 1000 ლარს არ აღემატება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „..... +-ის“ კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „..... +-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივნისის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე