№ას-832-796-2014 1 დეკემბერი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - მ. ტ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ა-მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში მ. ტ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხისათვის 8578,30 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ა-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. ტ-ს მოსარცელის სასარგებლოდ 8578,30 ლარის გადახდა დაეკისრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის განჩინებით მ. ტ-ს განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 343,13 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა.
განჩინების პასუხად, მ. ტ-მ ხარვეზის შევსების ვადის 10 დღით გაგრძელება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ივნისის განჩინებით მ. ტ-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 7 დღით გაგრძელდა.
იმავე სასამართლოს 2014 წლის 14 ივლისის განჩინებით მ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, განუხილველად დარჩა.
აღნიშნული განჩინება მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ვერ გადაიხადა, ვინაიდან აღნიშნულ პერიოდს დაემთხვა დედის - ა. ბ-ის ავადმყოფობა და გარდაცვალება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მ. ტ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მ. ტ-ის მტკიცებას, რომ მან ხარვეზი საპატიო მიზეზით ვერ გამოასწორა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის განჩინებით მ. ტ-ს განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 343,13 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა.
განჩინების პასუხად, მ. ტ-მ ხარვეზის შევსების ვადის 10 დღით გაგრძელება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ივნისის განჩინებით მ. ტ-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 7 დღით გაგრძელდა. განჩინება მ. ტ-ს 2014 წლის 3 ივლისს ჩაბარდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა 4 ივლისიდან დაიწყო და 11 ივლისს ამოიწურა, კერძო საჩივრის ავტორი ამტკიცებს, რომ ამ პერიოდს დაემთხვა დედის, ა. ბ-ის მძიმე ავადმყოფობა და გარდაცვალება, რის გამოც, ხარვეზი ვერ გამოასწორა.
საკასაციო სასამართლო ამ მტკიცებას ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, რომ მ. ტ-ის მიერ წარმოდგენილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, პაციენტ ა. ბ-სთან სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოძახებულ იქნა 2014 წლის 29 ივლისს და ადგილზე მისულ ჯგუფს პაციენტი გარდაცვლილი დახვდა. როგორც ზემოთ აღინიშნა, მ. ტ-ს ხარვეზი 11 ივლისის ჩათვლით უნდა შეევსო, შესაბამისად, მისი ოჯახის წევრის გარდაცვალება ხარვეზის შევსების ვადას არ დამთხვევია. იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ გარდაცვალებას წინ უსწრებდა ხანგრძლივი მძიმე ავადმყოფობა, კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია, მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას კი სასამართლო ვერ გაიზიარებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ტ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ტ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ივლისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
ლ. მურუსიძე