Facebook Twitter

№ას-844-808-2014 1 დეკემბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ. შ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. პ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. პ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში ლ. შ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მისი კუთვნილი უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ლ. შ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, რ. ლ-ის N2/რ-ის გამზ. N27-ში მდებარე 15 კვ.მ ფართი.

აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. შ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივნისის განჩინებით, სასამართლოს სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, ლ. შ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სასამართლომ მიუთითა, რომ ლ. შ-ს უწყება 2014 წლის 21 მაისს ჩაბარდა, სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზები კი, სასამართლოსათვის არ უცნობებია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. შ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და აღნიშნა, რომ არის 86 წლის მარტოხელა პირი. აქვს ვენების ვარიკოზი და ორივე თვალზე გლაუკომა. დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია და მხედველობა, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს. ის ვერ გაეცნო სასამართლო გზავნილის შინაარსს და ვერ მოახერხა სასამართლოს ინფორმირება სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ლ. შ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივნისის განჩინებით, სასამართლოს სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, ლ. შ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის, მართალია, მოცემული მუხლი ეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, მაგრამ, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განპირობებული იყო მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობით, საკასაციო პალატამ ზემოაღნიშნული მუხლით უნდა იხელმძღვანელოს.

მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი ადასტურებს, რომ სასამართლო უწყება მიიღო. ის მიუთითებს, რომ 86 წლის მარტოხელა პირი. აქვს ვენების ვარიკოზი და ორივე თვალზე გლაუკომა. დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია და მხედველობა, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს. ის ვერ გაეცნო სასამართლო გზავნილის შინაარსს და ვერ მოახერხა სასამართლოს ინფორმირება სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო ამ მტკიცებას არასარწმუნოდ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ლ. შ-ის ინტერესებს ადვოკატი ქ. მ-ე იცავდა, რომელთანაც კომუნიკაციას ლ. შ-ე, როგორღაც, ახერხებდა. 2014 წლის 18 ივნისს დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე ლ. შ-ს უწყებით 2014 წლის 21 მაისს ეცნობა, ანუ, აპელანტს საკმარისი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ ადვოკატს დაკავშირებოდა სასამართლო გზავნილის თაობაზე კონსულტაციისათვის, ან იმისათვის, რომ სასამართლოსათვის ეცნობებინა სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე.

მოცემულ შემთხვევაში, მხარე მხოლოდ სიტყვიერად მიუთითებს, რომ აქვს ვენების ვარიკოზი და ორივე თვალზე გლაუკომა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში, ლ. შ-ს არ წარმოუდგენია ამ წესით გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობას, მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას კი, სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. შ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. შ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე