Facebook Twitter

№ას-846-810-2014 1 დეკემბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ვ. პ-ე, თ. ქ-ე (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ე. პ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ს. ბ-მა“ ახალქალაქის რაიონული სასამართლოში ვ. პ-ისა და თ. ქ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხეთათვის 9165,21 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ვ. პ-სა და თ. ქ-ს დაეკისრათ 9165,21 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინებით სასამართლოს სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, ვ. პ-ისა და თ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტების წარმომადგენელმა ე. პ-მ სხდომის სხვა დროისათვის გადადება მოითხოვა, ვინაიდან, განცხადების თანახმად, იმავე დროს დანიშნული იყო სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში. აპელანტების წარმომადგენელს უწყება 2014 წლის 15 მაისს გაეგზავნა და 16 მაისს ჩაბარდა. შუამდგომლობაზე დართული თბილისის საქალაქო სასმართლოს უწყებით დასტურდება, რომ ეს უწყება ე. პ-ს 2014 წლის 18 ივნისს გაეგზავნა. ამ გარემოების გათვალისწინებით, აპელანტს საკმარისი დრო გააჩნდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის მიემართა და ეცნობებინა სააპელაციო სასამართლოში დანიშნული სხდომის შესახებ, შესაბამისად, მხარის გამოუცხადებლობა საპატიო არ არის.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ვ. პ-ისა და თ. ქ-ის წარმომადგენელმა ე. პ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, თავად სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დასტურდება, რომ იმავე დროს სხვა სასამართლოში სხდომის ჩანიშვნა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზია და საქმის განხილვის გადადების საფუძველი შეიძლება გახდეს, ვინაიდან, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეს საკმარისი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის მიემართა და სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნული სხდომის თაობაზე ეცნობებინა. თუ ეს მიზეზი საპატიოა საქალაქო სასამართლოსათვის, სააპელაციო ინსტანციისათვის განსახვავებული წესები არ მოქმედებს. გარდა ამისა, განცხადებაში მითითებული იყო, რომ საქალაქო სასამართლოში განსახილველ საქმეზე მხარეებს შორის ურთიერთობა გამწვავებული იყო და დამცავი ორდერის აღებაც კი გახდა საჭირო მისი მარწმუნებლის დასაცავად, რის გამოც, საქალაქო სასამართლო საქმეს დაჩქარებულად იხილავდა. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სხდომაზე არც ვ. პ-ე და თ. ქ-ე გამოცხადდნენ, ვ. პ-ე სოციალურად დაუცველი პირია, მარტოხელა მამა ოთხი შვილით და ახალქალაქიდან სხდომაზე ვერ ჩამოვიდა, გარდა ამისა, ის დამოუკიდებლად საკუთარი ინტერესების დაცვას ვერ შეძლებდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ვ. პ-ისა და თ. ქ-ის წარმომადგენელ ე. პ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინებით სასამართლოს სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, ვ. პ-ისა და თ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის, მართალია, მოცემული მუხლი ეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, მაგრამ, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განპირობებული იყო მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობით, საკასაციო პალატამ ზემოაღნიშნული მუხლით უნდა იხელმძღვანელოს.

კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის, რომ სასამართლო სხდომის თაობაზე კანონით დადგენილი წესით იყო გაფრთხილებული. იგი მიუთითებს, რომ სხდომაზე საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონში პირაპირ მითითებულის გარდა, ნებისმიერი სხვა საფუძველი ინდივიდუალურად, კონკრეტული საქმიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს და ისე გადაწყდეს, არსებობს თუ არა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. მხარის მიერ მითითებული გარემოებები უტყუარად უნდა ადასტურებდეს სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობას და შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა იყოს გამყარებული.

განსახილველ შემთხვევაში აპელანტების წარმომადგენელმა სასამართლოს განცხადებით მიმართა, სხდომის სხვა დროისათვის გადადება მოითხოვა და მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში იმავე დროს სხვა პროცესი იყო ჩანიშნული, სადაც მოსარჩელე ნ. ქ-ის ინტერესებს იცავდა (მოპასუხე ბ. დ-ე, დავის საგანი განქორწინება, ალიმენტის დაკისრება, უძრავი ქონების გაყოფა). მხარებს შორის ურთიერთობა იმდენად გამწვავებული იყო, რომ მოსარჩელისათვის დამცავი ორდერის აღებაც კი გახდა საჭირო, მეუღლის აგრესიისაგან დასაცავად, რის გამოც, სასამართლო საქმეს დაჩქარებულად იხილავდა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში მითითებული გარემოებები უნდა შეეფასებინა და არ უნდა შემოფარგლულიყო მხოლოდ იმ ფაქტის დადგენით, განმცხადებელს პირველად რომელი სხდომის შესახებ ეცნობა. ჩვეულებრივ პირობებში, ცხადია, ლოგიკურია, რომ მხარემ იმ სასამართლოს მიმართოს სხდომის გადადების შესახებ, სადაც საქმის განხილვა უფრო გვიან დაინიშნა, მაგრამ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტების წარმომადგენელი ასაბუთებდა, რატომ იყო არამიზანშეწონილი სხდომის გადადება თბილისის საქალაქო სასამართლოში, რაც სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო. საკასაციო სასამართლო იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ მოცემულ საქმეზე აპელანტების წარმომადგენელმა სხდომის გადადება პირველად მოითხოვა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა საფუძველი, ევარაუდა, რომ მხარე საქმის განხილვის გაჭიანურებას ცდილობდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. პ-ისა და თ. ქ-ის წარმომადგენელ ე. პ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს .

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. პ-ისა და თ. ქ-ის წარმომადგენელ ე. პ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე