№ას-893-855-2014 1 დეკემბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - კ. გ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ზ. მ-ი, გ. მ-ი, ი. მ-ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ. გ-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და მოითხოვა ქ. თბილისში, ე. ა-ის შესახვევის N4-ში მდებარე ნ. ც-ისა და ზ. მ-ის სახელზე რეგისტრირებული 15,96 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა მოპასუხეთათვის საცოხვრბეელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის განჩინებით კ. გ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის წარმოებისას საქმეში მოპასუხედ ჩაება გ. მ-ი და ნ. ც-ის უფლებამონაცვლე ი. მ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით კ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ივნისის განჩინებით კ. გ-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან აპელანტი დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში არ გამოცხადდა, გასაჩივრების ვადის ათვლა 2014 წლის 12 აპრილიდან დაიწყო და 24 აპრილს ამოიწურა, სააპელაციო საჩივარი კი, 23 მაისსაა წარდგენილი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კ. გ-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მხარის მითითებით, სასამართლოს მისთვის უნდა ეცნობებინა დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების თაობაზე. სასამართლოსგან კი, შეტყობინება არ მისვლია. თუ კ. გ-ა შეტყობინების შემდეგაც არ გამოცხადდებოდა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, მხოლოდ ამ შემთხვევაში ამოქმედდებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის დანაწესი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ კ. გ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (იხ, ასევე, სუსგ №ას-184-173-2014, ას-372-350-2014, ას-695-665-2014 და ა.შ).
განსახილველ შემთხვევაში, კ. გ-ა არ უარყოფს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ესწრებოდა. კერძო საჩივარი ერთადერთ არგუმენტს ემყარება: სასამართლო ვალდებული იყო, კ. გ-ასათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების შესახებ ეცნობებინა. თუ კ. გ-ა შეტყობინების შემდეგაც არ გამოცხადდებოდა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, მხოლოდ ამ შემთხვევაში ამოქმედდებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის დანაწესი.
საკასაციო სასამართლო არ მტკიცებას არ იზიარებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლი, ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. მხარე დადგენილ ვადაში თავად უნდა გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად. სასამართლოს ვალდებულება, რომ მხარეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების თაობაზე აცნობოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის არც ერთი ნორმით არ ეკისრება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ კ. გ-ამ მისი გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა სასამართლოს მიმართა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით. მართალია, გადაწყვეტილება 2014 წლის 31 მარტს ლ. ქ-მა ჩაიბარა, მაგრამ ეს უკანასკნელი ამ დროისათვის კ. გ-ას წარმომადგენელი აღარ იყო, ვინაიდან მინდობილობას ვადა ჰქონდა გასული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2014 წლის 12 მარტს გამოცხადდა. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე არა უადრეს პირველი და არა უგვიანეს 11 აპრილისა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად უნდა გამოცხადებულიყო. ვინაიდან მხარე ამ ვადაში არ გამოცხადდა, გასაჩივრების ვადის ათვლა 11 აპრილიდან დაიწყო და 24 აპრილს ამოიწურა, სააპელაციო საჩივარი კი, 23 მაისსაა შეტანილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კ. გ-ას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ. გ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
ლ. მურუსიძე