Facebook Twitter

№ას-900-862-2014 1 დეკემბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ს. კ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ხ-ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - დ. ა-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ხ-მა ს. კ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა უძრავი ქონების გასხვისებით მიყენებული ზიანის - 44 000 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ს. კ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ 8800 ლარის გადახდა დაეკისრა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ს. კ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივნისის განჩინებით აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 352 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და მითითება, რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობა, გარემოებები, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს.

მითითებული განჩინების საპასუხოდ ს. კ-მა ხარვეზის შევსების ვადის ორი კვირით გაგრძელება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ივლისის განჩინებით ხარვეზის შევსების ვადა 14 დღით გაგრძელდა.

2014 წლის 25 ივლისს ს. კ-მა სახელმწიფო ბაჟის შემცირება ან ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 აგვისტოს განჩინებით ს. კ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის შემცირების ან საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ს. კ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ს. კ-ს არ წარმოუდგენია საკუთარი ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. სასამართლოს განმარტებით, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა შუამდგომლობის დასაბუთებულობაზეა დამოკიდებული. სასამართლომ ვადის კვლავ გაგრძელება მიზანშეწონილად არ მიიჩნია და აღნიშნა, რომ აპელანტს რამდენიმე ხარვეზი დაუდგინდა, ეს უკანასკნელი კი, საუბრობს მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობაზე. მას არ მიუთითებია რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობა, გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, ან მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ს. კ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, 2014 წლის თებერვლამდე რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი პირების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა შემწეობას, მაგრამ ამ ბაზიდან ამორიცხეს, ვინაიდან მის ბინაში იპოვეს მისი შვილიშვილის დატოვებული საყოფაცხოვრებო ნივთები. სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ გარდა შემოსავლისა, ს. კ-ი უძრავ ქონებასაც გაკარგავს. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მის საცხოვრებელ სახლს ყადაღა ადევს. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი იყო, კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მან სააპელაციო სასამართლოს მიანდო გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობის გამოკვლევა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ს. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივნისის განჩინებით აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 352 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და მითითება, რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობა, გარემოებები, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს.

მითითებული განჩინების საპასუხოდ ს. კ-მა ხარვეზის შევსების ვადის ორი კვირით გაგრძელება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ივლისის განჩინებით ხარვეზის შევსების ვადა 14 დღით გაგრძელდა.

2014 წლის 25 ივლისს ს. კ-მა სახელმწიფო ბაჟის შემცირება ან ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

აღნიშნული ნორმის ახსნა-განმარტებიდან ნათლად ჩანს, რომ იგი იმპერატიულ ხასიათს არ ატარებს და საპროცესო ვადის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა, მხარის მოთხოვნის არსებობის შემთხვევაშიც კი, სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. ამ თვალსაზრისით, იმავე ნორმატიული შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარისათვის ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადის გაგრძელებისათვის სასამართლოს ვარაუდი უნდა გააჩნდეს, რომ ამგვარი მოთხოვნა პროცესის გაჭიანურებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ მხარე აპირებს ხარვეზის შევსებას, მაგრამ, პატივსადები მიზეზების გამო, მიცემული დრო მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დასაბუთებული უნდა იყოს და მითითებული გარემოებები სათანადო მტკიცებულებებით დასტურდებოდეს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ს. კ-სათვის, ისევე როგორც ნებისმიერი მხარისთვის, სააპელაციო საჩივრის წარდგენისას ცნობილი იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების თაობაზე. ამასთან, ამ უკანასკნელს ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა ერთხელ 14 დღით გაუგრძელდა, რაც არათუ საკმარისია, არამედ აღემატება კიდეც მსგავსი ტიპის ხარვეზის გამოსასწორებლად საჭირო გონივრულ ვადას. აღნიშნულის მიუხედავად, აპელანტმა ხარვეზი არც ერთ ნაწილში არ გამოასწორა, კერძოდ, მას არც დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი წარუდგენია, რაც არ უკავშირდებოდა თანხის გადახდას. მისი შუამდგომლობა ვადის გაგრძელების თაობაზე დაუსაბუთებელი იყო, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ვადის შემდგომი გაგრძელება მიზანშეწონილი აღარ იყო და საქმის განხილვის უსაფუძვლოდ გაჭიანურებას გამოიწვევდა.

დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის ნაწილში კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მან სააპელაციო სასამართლოს მიანდო გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობის გამოკვლევა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი, მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობის მითითება მხარის ვალდებულებაა, მით უმეტეს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ, სააპელაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს ისეთ გარემოებებზე, რაც აპელანტს არ მიუთითებია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე