Facebook Twitter

№ას-904-866-2014 1 დეკემბერი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ნ. შ-ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - გ. დ-ა

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე. გ-ი“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ა. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 აგვიტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. შ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ე. გ-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხისათვის სესხის ძირი თანხის - 55000 აშშ დოლარისა და პროცენტის - 63950 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების მოტხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ნ. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ე. გ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ 7692,50 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის განჩინებით ნ. შ-ს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 1912 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა.

განჩინების პასუხად, ნ. შ-მა 3000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინა და დარჩენილი 350 ლარის გადახდის გადავადება ითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 აგვისტოს განჩინებით ნ. შ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტმა ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გამოასწორა, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, თავისი ინიციატივით გააგრძელოს ხარვეზის შევსების ვადა, ხოლო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის 90% გადაიხადა. მიუხედავად ფინანსური ტვირთისა, მას არ ამოუთხოვია ბაჟის გადახდისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლება. სააპელაციო სასამართლომ კი, ხარვეზის შევსების ვადაც კი არ გააგრძელა, მაშინ, როდესაც სხვა არაერთ საქმეზე, სააპელაციო სასამართლო საპროცესო ვადას მხარის მოთხოვნის არარსებობის პირობებშიც კი აგრძელებს.

კერძო საჩივრის წარმოაბეში მიღების შემდეგ ნ. შ-ის წარმომადგენელმა გ. დ-ამ საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა და სასარჩელო მოთხოვნა 75000 ლარამდე შეამცირა, რომლის 4% 3000 ლარია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ნ. შ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის განჩინებით ნ. შ-ს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 1912 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა.

განჩინების პასუხად, ნ. შ-მა 3000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინა და დარჩენილი 350 ლარის გადახდის გადავადება ითხოვა.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი არ არსებობდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-48 მუხლების საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, ოდენობის შემცირების ან გადავადების თაობაზე, რაც მხარის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს. სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან კანონით გათვალისწინებული სხვაგვარი შეღავათის გაწევის საფუძველი არის მხოლოდ მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, შესაბამისი მტკიცებულებები კი, თავად მხარემ უნდა წარადგინოს.

მოცემულ შემთხვევაში, ნ. შ-ის ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დამდასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარუდგენია, რის გამოც, მისი შუამდგომლობა მართებულად არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების ვადა უნდა გაეგრძელებინა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.7 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმა ზღუდავს სააპელაციო სასამართლოს მიერ თავისი ინიციატივით ხარვეზის შესავსებად დანიშნული საპროცესო ვადის გაგრძელებას, თუ მხარე ამგვარ შუამდგომლობას არ აყენებს. ეს ნორმა, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებს ეხება, როდესაც მხარე ხარვეზის განჩინების პასუხად, საერთოდ არ მიმართავს სასამართლოს, ან აშკარად უსაფუძვლო განცხადებებით საქმის განხილვის გაჭიანურებას ცდილობს და ხარვეზის შევსების რეალურ ნებას არ ავლენს. განსახილველ შემთხვევაში კი, მხედველობაში მისაღებია ის გარემოება, რომ აპელანტმა დაკისრებული 3350 ლარიდან 3000 ლარი გადაიხადა და დარჩენილი 350 ლარის გადავადების თხოვნით მიმართა სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვას ნიშნავს, შესაბამისად, ამგვარი შეზღუდვა ყოველთვის უნდა იყოს საფუძვლიანი, დასაბუთებული და მართლზომიერი.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება, როგორც ასეთი, არ წარმოადგენს შეზღუდვას, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას, თუმცა მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, კონკრეტული საქმის გარემოებების, მათ შორის მხარის გადახდისუნარიანობისა და საქმის წარმოების ეტაპის გათვალისწინებით (FC MRETEBI v. GEORGIA, PODBIELSKI AND PPU POLPURE v. POLAND). სასამართლო ხარჯების ინსტიტუტი, ზოგადად, მართლმსაჯულების ადმინისტრირების მიზანს ემსახურება კერძოდ, სასამართლო სისტემის საქმიანობის პროცესის დაფინანსებასა და აშკარად უსაფუძვლო, არასერიოზული სასარჩელო განცხადებებისაგან დაცვას. კონვენციის მე-6 მუხლი ყველას ანიჭებს უფლებას თავისი სამოქალაქო უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა სასამართლომდე მიიტანოს. ამ თვალსაზრისით, აღნიშნული მუხლი ადგენს „სასამართლოს უფლებას“, რომლის მხოლოდ ერთი ასპექტია სასამართლოს ხელმისაწვდომობა. სამართლიანი სასამართლოს უფლება არ არის აბსოლუტური, იგი შეიძლება შეიზღუდოს, რადგანაც ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ მოწესრიგებას მოითხოვს (KREUZ v. POLAND). აქვე გასათვალისწინებელია, რომ ევროპული სასამართლო განსხვავებულად უდგება პირველ და ზემდგომ ინსტანციებში გადასახდელ სახელმწიფო ბაჟსა და სხვა სასამართლო ხარჯებს. სასამართლოს პოზიციით, კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოს სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს შექმნის ვალდებულებას, მაგრამ თუ აპელაციის სისტემა გათვალისწინებულია, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მათ იურისდიქციაში დაცული იყოს კონვენციით გათვალისწინებული გარანტიები, იმგვარად, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს შემთხვევაშია დადგენილი (PODBIELSKI AND PPU POLPURE v. POLAND). გასათვალისწინებელია, რომ კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული პრინციპების გამოყენება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიმართ დამოკიდებულია საქმის წარმოების თავისებურებებზე, მხედველობაში მისაღებია პროცესის ერთიანობა შიდა კანონმდებლობის მიხედვით და სააპელაციო სასამართლოს როლი ამ პროცესში. ცალკეულ შემთხვევებში, განსაკუთრებით როცა შეზღუდვა აპელაციის დასაშვებობას შეეხება, ან როცა მართლმსაჯულების ინტერესები მოითხოვს, რომ აპელანტმა, თავისი სააპელაციო საჩივართან მიმართებით უზრუნველყოს იმ ხარჯების დაფარვა, რომელსაც მეორე მხარე განიცდის პროცესის ფარგლებში, შესაძლებელია ცალკეული შეზღუდვების, მათ შორის ფინანსური ხასიათისაც, დაწესება სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებისათვის. ამგვარი შეზღუდვები კანონიერ მიზანს უნდა ემსახურებოდეს, ასევე დაცული უნდა იყოს ბალანსი გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ შედეგს შორის (PODBIELSKI AND PPU POLPURE v. POLAND).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისეთ პირობებში, როდესაც აპელანტმა დაკისრებული ბაჟის უდიდესი ნაწილი გადაიხადა და დარჩენილი ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა (არა შემცირება ან გათავისუფლება), სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება ხარვეზის შევსების ვადის ერთჯერადად გაგრძელების გარეშეც კი, გაუმართლებლად ზღუდავს სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებას. კერძო საჩივრის ავტორი ასევე მართებულად მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლო ხშირ შემთხვევაში, აგრძელებს ხარვეზის შესავსებად მიცემულ ვადას მაშინაც კი, როდესაც აპელანტი პირდაპირ ვადის გაგრძელებას არ მოითხოვს.

საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა 75000 ლარამდე შეამცირა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83.4 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეს საქმის განხილვის დასრულებამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასარჩელო მოთხოვნის შემცირება. 75000 ლარის 4% 3000 ლარია, შესაბამისად, ნ. შ-ის სააპელაციო საჩივარზე ბაჟი სრულადაა გადახდილი და მისი განუხილველად დატოვების წინაპირობა არ არსებობს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1(დ) მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა კერძო საჩივარზე – 50 ლარს შეადგენს. ნ. შ-ის კერძო საჩივარზე კი გადახდილია ბაჟი 150 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლი ითვალისწინებს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების შესაძლებლობას, შესაბამისად, ნ. შ-ს ზედმეტად გადახდილი 100 ლარი უნდა დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. შ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 აგვიტოს განჩინება და საქმე ნ. შ-ის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. ნ. შ-ს დაუბრუნდეს 15/08/2014 წლის N1 საგადახდო დავალებით გ. დ-ას მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე