Facebook Twitter

№ას-909-871-2014 1 დეკემბერი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ზურაბ ძლიერიშვილი, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ნ. ხ-ა, თ. ბ-ი, ლ. ჯ-ა, ფ. გ-ა, თ. წ-ი, ლ. გ-ა, მ. ბ-ე (მოპასუხეები)

წარმომადგენელი - დ. ა-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ნ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ნ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნ. ხ-ას, თ. ბ-ის, ლ. ჯ-ას, ფ. გ-ას, თ. წ-ის, ლ. გ-ასა და მ. ბ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხეთათვის 38678,05 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინებით აპელანტებს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 1547 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა დაევალათ.

განცხადების პასუხად აპელანტებმა ხარვეზის შევსების ვადის 10 დღით გაგრძელება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივლისის განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა 10 დღით გაგრძელდა.

აპელანტებმა ხარვეზის შევსების ვადის 5 დღით გაგრძელება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივლისის განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა 5 დღით გაგრძელდა.

განჩინების პასუხად აპელანტების წარმომადგენელმა საპროცესო ვადის 3 დღით გაგრძელება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 აგვისტოს განჩინებით ნ. ხ-ას, თ. ბ-ის, ლ. ჯ-ას, ფ. გ-ას, თ. წ-ის, ლ. გ-ასა და მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტების განცხადებები ერთსა და იმავე საფუძვლებს ემყარებოდა და სასამართლოს არ გააჩნდა ვარაუდის საფუძველი, რომ მხარე ბაჟს ნამდვილად გადაიხდიდა.

აღნიშნული განჩინება ნ. ხ-ას, თ. ბ-ის, ლ. ჯ-ას, ფ. გ-ას, თ. წ-ის, ლ. გ-ასა და მ. ბ-ის წარმომადგენელმა დ. ა-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სააპელაციო სასამართლო არასწორად მიუთითებს, რომ აპელანტებს განცხადებები შინაარსობრივად იდენტური იყო. ბოლო განცხადებაში მითითებული იყო ბაჟის გადახდის კონკრეტული თარიღი - 10 აგვისტო. სასამართლომ საპროცესო ვადა 3 დღითაც კი არ გააგრძელა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ნ. ხ-ას, თ. ბ-ის, ლ. ჯ-ას, ფ. გ-ას, თ. წ-ის, ლ. გ-ასა და მ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე, შესაბამისი შუამდგომლობის არსებობისას, სასამართლოს შეუძლია, ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება, ამასთან, მხარის მოთხოვნის არსებობის შემთხვევაშიც კი, ვადის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს შეფასების საგანია. საპროცესო ვადის გაგრძელება იმ ვარაუდს უნდა ემყარებოდეს, რომ მხარე ხარვეზის გამოსწორებას აპირებს, მაგრამ, საპატიო მიზეზის გამო, მიცემული ვადა საკმარისი არ აღმოჩნდა, ამასთან, ამავე დროს, სააპელაციო სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის კანონიერი ინტერესებიც უნდა გაითვალისწინოს, რომელიც საქმის დროულ განხილვას ელოდება.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინებით აპელანტებს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 1547 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა დაევალათ. ხარვეზის შევსების ვადა აპელანტების მოთხოვნით ორჯერ გაგრძელდა, რის შემდეგაც, მათ ხარვეზი ნაწილობრივადაც არ გამოასწორეს და კვლავ საპროცესო ვადის გაგრძელება მოითხოვეს, ამასთან, მხოლოდ ხარვეზის დადგენიდან ბოლო შუამდგომლობის დაყენებამდე პერიოდმა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის საერთო ვადას გადააჭარბა. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ წარმოდგენილი განცხადებები, ერთი და იმავე შინაარსისაა (ყველა განცხადებაში მითითებულია, რომ დადგენილ ვადაში თანხის შეგროვება ვერ შეძლეს), შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა ვარაუდის საფუძველი, რომ აპელანტები ხარვეზის შევსებას ნამდვილად აპირებდნენ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტებს საკმარისი ვადა მიეცათ იმისათვის, რომ სახელმწიფო ბაჟი გადაეხადათ, რაც მათ არ შეასრულეს, ამდენად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად მართებულად დარჩა და კერძო საჩივარი უსაფუძვლოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ხ-ას, თ. ბ-ის, ლ. ჯ-ას, ფ. გ-ას, თ. წ-ის, ლ. გ-ასა და მ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 აგვისტოს განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ზ. ძლიერიშვილი

ლ. მურუსიძე