Facebook Twitter

№ას-913-875-2014 29 დეკემბერი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ე. ძ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „პ. ბ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „პ. ბ-მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე. ძ-ის, შპს „მ. თ-ის“, გ. შ-ის, ნ. შ-ის, ვ. შ-ის წინააღმდეგ სარცელი აღძრა მოპასუხეთათვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით სს „პ. ბ-ის“ სარცელი სრულად დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ე. ძ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ივლისის განჩინებით ე. ძ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან აპელანტი კანონით დადგენილ ვადაში საქალაქო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად არ გამოცხადდა, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს დაიწყო და 9 ივლისს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი კი, 11 ივლისსაა შეტანილი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არასწორად გამოთვალა, მაგრამ სწორადაც რომ დაეთვალა, 2014 წლის 5-10 ივლისს ქ. ზუგდიდში იმყოფებოდა და მკურნალობას გადიოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ე. ძ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

საკასაციო სასამართლოსათვის გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ე. ძ-მა განჩინება 26 ივნისს ჩაიბარა და ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში - 11 ივლისს სააპელაციო საჩივარი შეიტანა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, მოქმედებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლი და გასაჩივრების ვადის ათვლა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს უნდა დაიწყოს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის საფუძველზე, გასაჩივრების მსურველ მხარეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის ჩათვლით შეუძლია სასამართლოში გამოცხადდეს და გადაწყვეტილება ჩაიბაროს. ამ შემთხვევაში ვადის ათვლა არა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღიდან, არამედ ჩაბარებიდან დაიწყება.

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2014 წლის 27 მაისს გამოცხადდა, რასაც ე. ძ-ი ესწრებოდა, შესაბამისად, მხარე არა უადრეს 16 და არა უგვიანეს 26 ივნისისა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად უნდა გამოცხადებულიყო. ე. ძ-მა დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ ვადაში - 26 ივნისს ჩაიბარა, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60.2 მუხლის საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა 27 ივნისიდან დაიწყო და 10 ივლისს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი კი, 11 ივლისსაა შეტანილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში, ე. ძ-ის სააპელაციო საჩივარი ვადის დარღვევითაა წარდგენილი და სააპელაციო სასამართლომ განუხილველად მართებულად დატოვა.

კერო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არასწორად გამოთვალა, მაგრამ სწორადაც რომ დაეთვალა, 2014 წლის 5-10 ივლისს ქ. ზუგდიდში იმყოფებოდა და მკურნალობას გადიოდა.

საკასაციო სასამართლო ამ მტკიცებას მხედველობაში ვერ მიიღებს და განმარტავს, რომ სამოქალქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საპროცესო ვადის აღდგენა ან გაგრძელება არ დაიშვება, მიუხედავად იმისა, საპატიო მიზეზითაა გაშვებული თუ არა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. ძ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ძ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე