№ას-916-878-2014 1 დეკემბერი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - გ. და ლ. ს-ები (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „პ-ი“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ლ-ა ს-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „პ-მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში გ. და ლ. ს-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხეთათვის 3858,81 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით სს „პ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. და ლ. ს-ებს მოსარჩელის სასარგებლოდ ძირი თანხის - 2498 ლარის, პროცენტის -677,59 ლარის, კრედიტის საკომისიოს - 369,90 ლარის გადახდა დაეკისრათ. ლ. ს-ის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 3000 ლარით.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ივნისის განჩინებით გ. და ლ. ს-ს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაზუსტებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%-ისა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალათ.
2014 წლის 17 ივლისს აპელანტებმა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ივლისის განჩინებით გ. და ლ. ს-ების სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სასამართლოს მითითებით, ხარვეზის განჩინება აპელანტებს 5 ივლისს ჩაბარდათ, შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადა 15 ივლისს ამოიწურა. დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კი, 17 ივლისს იყო წარდგენილი.
აღნიშნული განჩინება მოპასუხეებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს. მათი განმარტებით, გ. ს-ი შეიარაღებული ძალების პირველ ბრიგადაში ირიცხება. ხელფასი ერიცხება ყოველი თვის 20 რიცხვში. ოჯახში მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, 17 ივლისამდე საჭირო თანხის მოძიება ვერ შეძლეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ გ. და ლ. ს-ების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებას, რომ ხარვეზი ვადის დარღვევით საპატიო მიზეზით შეივსო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ივნისის განჩინებით გ. და ლ. ს-ებს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაზუსტებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%-ისა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალათ. ხარვეზის განჩინება აპელანტებს 5 ივლისს ჩაბარდათ, რასაც ისინი სადავოდ არ ხდიან. ამ გარემოების გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა 6 ივლისიდან დაიწყო და 15 ივლისს ამოიწურა. აპელანტებმა კი დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სააპელაციო სასამართლოში 2014 წლის 17 ივლისს წარადგინეს, შესაბამისად, ნათელია, რომ ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ იყო გამოსწორებული.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებას, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო საჭირო თანხა 17 ივლისამდე ვერ შეაგროვეს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტებს შეეძლოთ, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოეთხოვათ, რაც მათ არ განუხორციელებიათ. მათ არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენა უთხოვიათ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს..
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. და ლ. ს-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ივლისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
ლ. მურუსიძე