Facebook Twitter

№ას-918-880-2014 1 დეკემბერი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ლ. ს-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ბ. დ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ს-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ბ. დ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ს-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივნისის განჩინებით აპელანტს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, უკვე გადახდილი 150 ლარის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბაჟის - 250 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა დაევალა.

განჩინების პასუხად მხარემ 2014 წლის 4 ივლისს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა, მაგრამ სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ივლისის განჩინებით ლ. ს-ას სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის სრულად შეუვსებლობის გამო, განუხილველად დარჩა.

აღნიშნული განჩინება ლ. ს-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, პენსიონერია და ხელმოკლედ ცხოვრობს. სახელმწიფო ბაჟი სრულად ვერ გადაიხადა და დარჩენილი 250 ლარის გადახდის გადავადება ან გათავისუფლება მოითხოვა. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა, რომელსაც თან ერთვოდა დოკუმენტი, რომ პენსიონერი იყო და ბანკიდან წინასწარ ჰქონდა აღებული რამდენიმე თვის პენსია, რის გამოც, დღემდე ვერ იღებს პენსიას. სხვა შემოსავალი არ გააჩნია. იმის გამო, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის საშუალება არ აქვს, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება არ უნდა შეეზღუდოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ლ. ს-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივნისის განჩინებით აპელანტს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, უკვე გადახდილი 150 ლარის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბაჟის - 250 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა დაევალა.

განჩინების პასუხად მხარემ 2014 წლის 4 ივლისს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა, მაგრამ სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს ზუსტ მითითებას იმ მოქმედების შესახებ, რომლის განხორციელების შემდეგ, სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები აღარ იარსებებს. მოცემულ შემთხვევაში, მხარეს ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სრულად არ გამოუსწორებია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. განსახილველ შემთხვევაში, ლ. ს-ას სახელმწოფო ბაჟის გადასახდელად საპროცესო ვადის გაგრძელება არ მოუთხოვია.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ ბაჟის გადახდა მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გამო ვერ შეძლო, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-48 მუხლების საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, ოდენობის შემცირების ან გადავადების თაობაზე, რაც მხარის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს. სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან კანონით გათვალისწინებული სხვაგვარი შეღავათის გაწევის საფუძველი არის მხოლოდ მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა.

კერძო საჩივრის ავტორი ამტკიცებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა, რომელსაც თან ერთვოდა დოკუმენტი, რომ პენსიონერი იყო და ბანკიდან წინასწარ ჰქონდა აღებული რამდენიმე თვის პენსია. სანამ დავალიანებას არ დაფარავდა, პენსიას ვერ აიღებდა, რის გამოც დარჩენილი ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან გადავადება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამგვარი განცხადება ან მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ხარვეზის განჩინების პასუხად შეტანიl დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში მხარე მხოლოდ სიტყვიერად მიუთითებდა, რომ პენსიონერია და ბაჟის გადახდის საშუალება არ ჰქონდა, საპენსიო მოწმობა კი, სარჩელს ერთვოდა.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სარჩელს საპენსიო მოწმობა არ ერთვის, გარდა ამისა, თუნდაც დადასტურებულიყო ის ფაქტი, რომ ლ. ს-ა პენსიონერია, მხოლოდ ეს გარემოება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი ვერ გახდებოდა, რადგანაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლო ხარჯებში შეღავათის გაწევის საფუძველია მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა. პენსიის მიღება კი, თავისთავად, შემოსავლის სხვა წყაროს არსებობას არ გამორიცხავს.

კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა ამონაწერი სს „ლ. ბ-დან“, რომელზე მითითებითაც იგი ამტკიცებს, რომ რამდენიმე თვის პენსია წინასწარ აიღო და სანამ დავალიანებას არ დაფარავს, პენსიას ვერ აიღებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ეს დოკუმენტი მხარის ქონებრივი მდგომარეობის სრულ სურათს არ ქმნის, გარდა ამისა, ამონაწერით არ ირკვევა კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები. ამონაწერით დასტურდება, რომ ლ. ს-ას ყოველთვიურად 150 ლარი ერიცხება, ხოლო ის გარემოება, რომ დარიცხული პენსია ბანკთან არსებული დავალიანების დაფარვას ხმარდება, აღნიშნულ დოკუმენტში არ ჩანს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ ეს მტკიცებულება სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას არ ადასტურებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ლ. ს-ას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ს-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ივლისის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე