№ას-927-889-2014 1 დეკემბერი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - კ. ს-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ბ. რ-ა“, მ. დ.-გ-ე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ. ს-მ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სს „ბ. რ-ის“ და მ. დ.-გ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხეთა შორის 2012 წლის 27 იანვარს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ გაუქმების მოთხოვნით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით კ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ივლისის განჩინებით კ. ს-ს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 4074 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
იმავე სასამართლოს 2014 წლის 6 აგვისტოს განჩინებით კ. ს-ის სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, განუხილველად დარჩა.
აღნიშნული განჩინება კ. ს-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, გასაჩივრებული განჩინება უკანონოა და იურიდიულად დაუსაბუთებელი. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ კ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
კერძო საჩივრის ავტორი ზოგადად აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, დაუსაბუთებელი და სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, თუმცა განჩინების გაუქმების კონკრეტული საფუძვლები არ მიუთითებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ივლისის განჩინებით კ. ს-ს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 4074 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. განჩინება აპელანტს 2014 წლის 7 ივლისს ჩაბარდა, რასაც მხარე სადავოდ არ ხდის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა 8 ივლისიდან დაიწყო და 22 ივლისს ამოიწურა. აპელანტს ხარვეზი ამ ვადაში არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად მართებულად დარჩა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ძალაში უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 აგვისტოს განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
ლ. მურუსიძე