Facebook Twitter

№ას-932-894-2014 8 დეკემბერი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ინდ. მეწარმე ა. ვ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ს. მ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საიჯარო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. მ-ამ ახალციხის რაიონულ სასამართლოში ინდ. მეწარმე ა. ვ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა საიჯარო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ს. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ინდ. მეწარმე ა. ვ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ 850 ლარის გადახდა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 აგვისტოს განჩინებით ინდ. მეწარმე ა. ვ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს არ აღემატებოდა.

აღნიშნული განჩინება მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მას საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გარანტირებული სასამართლოსათვის თავისუფლად მიმართვის უფლება შეეზღუდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ინდ. მეწარმე ა. ვ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის, რომ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმპერატიულია და კრძალავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, თუ მისი ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფაქტობრივი-სამართლებრივი თვალსაზრისით განსახილველი დავა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდ. მეწარმე ა. ვ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ინდ. მეწარმე ა. ვ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 აგვისტოს განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე